წინა არჩევნებზე ვინც ხმა მომცა, ყველას კი არ ამოსდიოდა ჩემზე მზე და მთვარე, მათ ცვლილებებს მისცეს ხმა და ასე უნდა იყოს ახლაც, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენისას, ნიკა მელიამ თითოეულ კანდიდატს წარმატება უსურვა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ მეგობარს, მაჟორიტარობის თითოეულ კანდიდატს, რეფერენდუმის ლიდერს თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაზოგავენ, არ დავზოგავთ თავს, არ დავიშურებთ ენერგიას; არც ერთ საათს არ დავკარგავთ იმისათვის, რომ რეჟიმი, რომელსაც სამართლიანად ვუწოდებთ ოლიგარქიულს, წელს დავამარცხოთ და ამით შანსი მოვუპოვოთ ქვეყანას და სახელმწიფოს განვითარების.
გვახსოვდეს, ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ. ჩვენ სამწუხაროდ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, სადაც ახლა ბრძოლაში შევდივართ, რომ შანსი მოვუპოვოთ ქვეყანას განვითარების. ამიტომ განსაკუთრებით მინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს მივმართო მოწიწებით, პატივისცემით, რომ ახლა არ არის დრო იმისა, თუ ვის ვინ მოწონდა, ვინ ვის არ მოუწონებს გამოთქმულ მოსაზრებებს თუ ასე შემდეგ; ეს არის საერთო ბრძოლა. მაშინ ჩვენ ვტყუივართ, რომ ეს არის რეფერენდუმი, მაშინ ეს არ ყოფილა რეფერენდუმი და თუკი არის რეფერენდუმი, მაშინ ყველანი ვართ ერთი და ყველა უნდა დავდგეთ, როგორც არასოდეს, ერთჯერადად, ამ ეტაპზე მაინც მოვახერხოთ, გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და პრეფერენციები და ყველა იმ ადამიანს პატივი ვცეთ, ვინც ეწინააღმდეგება და შედის ბრძოლაში ოლიგარქიულ რეჟიმთან.
ამიტომ, დარწუნებული ვარ, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი მხარდამჭერი, ამომრჩეველი, ვინც ამ ყველაფერს არ და ვერ გაითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც არასოდეს, მჯერა, შანსს არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, მათ შორის თბილისშიც და განსაკუთრებით თბილისში, რომ ხელისუფლებამ მარცხი სამართლიანად იწვნიოს. კი, ბატონო, თქვენ ხედავთ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან და სხვა პოლიტიკური პარტიები აქ ამ ფორმატში არ არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას ერთობაში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ოლქებში ისინი იღებენ აქტიურად მონაწილეობას და ეს ასეც იქნება. მაგრამ ბევრი ადამიანები, ამ ადამიანების მხარდამჭერები და ამომრჩევლები არჩევნებზე მოვლენ და ხმას ნიკა მელიას მისცემენ, როგორც საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, დარწმუნებული იყავით, რომ 100%-ით მე არ ვიქნები მათი ფავორიტი იმწუთას, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ და გადამწყვეტზე და გადამწყვეტია ახლა ბრძოლა, ისინი მე ხმას მომცემენ, რადგან ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს. თუკი გვინდა, გვყავდეს ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა, ვინც მომავლის რწმენას მოიტანს თითოეული მოქალაქის ოჯახში, მაშინ ხმას ვაძლევთ ოპოზიციას“, – განაცხადა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, არასოდეს ყოფილა ასე ადვილად გასაკეთებელი არჩევანი, როგორც არის წელს.
„ამიტომ გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება წინ. არც ერთი ჩვენგანი არ დავზოგავთ თავს და საჭიროების შემთხვევაში, მართლაც სამსხვერპლოზე მივიტანთ თავს, ჩვენს ჯანმრთელობას, თავისუფლებას, ყველაფერს, რადგანაც არ გვინდა მომავლის გადმოსახედიდან ვინანოთ, რომ სადღაც დავიზარეთ, სადღაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც ვალდებულები ვიყავით. ამიტომ, ძვირფას კოლეგა ოპოზიციონერების წარმომადგენლებს მივმართავ, ჩემს მეგობრებს სხვადასხვა პარტიებიდან, ხალხო, ოჯახის წევრებით ვართ გასული ბრძოლის ველზე. რაც უნდა ძალიან არ მოგვწონდეს ერთმანეთი, ნუ ვაკრიტიკებთ ერთმანეთს, ნუ ვაკრიტიკებთ, რადგან ჩვენი შვილების წინაშე ძალიან ძალიან მძიმე შეცდომას ვუშვებთ. ერთ მუშტად შეკვრის დრო არის, სრულიად უპერსპექტივო ვითარება, ყველა პერსპექტიულ ვითარებას გვიქცევია, როდესაც ჩვენ ერთად ვყოფილვართ და ბევრი მაგალითი შემიძლია, ჩამოვთვალო. ასე იქნება 2 ოქტომბერსაც და რწმენის საკითხია. შარშან, კამპანიის პიკზე, გულახდილად გეუბნებით, როდესაც ვატარებდით არჩევნებს, პირველი დღიდან დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით, რადგან ერთობა იყო, რწმენა გაჩნდა მუხიანშიც, ავჭალაშიც და გლდანშიც და მოვიგეთ.
რა არ გააკეთეს. ბიძინა ივანიშვილი ატარეს კარდაკარ ორი დღე და რატომ მოვიგეთ, რადგანაც შევიკარით და ყველა ადამიანმა, ვინც მე მომცა ხმა იმ კონკრეტულ დღეს, ყველას კი არ ამოსდიოდა ჩემზე მზე და მთვარე, მათ ცვლილებებს მისცეს ხმა და ასე იქნება ახლაც, ასე უნდა იყოს. ჩვენ თუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ვიღაცას ვიღაცის თმის ვარცხნილობა, ვიღაცას სიმაღლე, ვიღაცას მეტყველება და ვიღაცას პარტიული შეხედულება არ მოეწონება, ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელსაც ჩვენ ოდესმე დავუშვებთ.
„გირჩის“ ამომრჩეველი, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი, „დროას“ ამომრჩეველი, სხვა პარტიების, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძის, ბურჯანაძის, „ლეიბორისტული პარტიის“, სხვების, სხვების, ვინც ახლა ამ ფორმატში არ დგანან, მათი ამომრჩეველი როდესაც მოვა და ხმას მე მომცემს ან სხვა პარტიებს, ერთმანეთზე, შესაძლებელია, უმაღლესი წარმოდგენის არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფოებრივი საფუძვლები ხელის გულზე უდევს ოლიგარქს და უბრალოდ შთანთქავს, მე მგონი, ეს განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ.
აბა, კითხეთ „გირჩის“ ამომრჩეველს, რამდენად სასიამოვნო იქნება მათთვის, „ევროპული საქართველოს“ ან „დროას“ მხარდამჭერები მოვიდნენ და ნიკა მელიას მისცენ ხმა, ამაზე დავფიქრდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“, ჩემს მეგობარ ამომრჩევლებს მივმართავ. იგივენაირად უნდა მოვიქცეთ ჩვენც და მოვიგებთ, ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხვა გზას არ დავუტოვებთ. როგორც არასოდეს, მჯერა, 2 ოქტომბერს მოვიგებთ. როგორც არასდროს, მჯერა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.