ნიკა მელია - ვინც ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის, ოპოზიციურ ველზე ყოფნას არ იმსახურებს
ნიკა მელია - ვინც ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის, ოპოზიციურ ველზე ყოფნას არ იმსახურებს

ვადამდელ არჩევნებს არა თუ ვაანონსებთ, არამედ მიმაჩნია საუკეთესო, მშვიდობიან, დემოკრატიულ გამოსავლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პარტიას არ აქვს სწორება მხოლოდ არსებულ ამომრჩეველზე. მისივე თქმით, ახლა რა ტიპისა და სისტემის ფარგლებშიც არ უნდა ჩაატაროს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“, ის დამარცხებული იქნება.

„მე მესმის ჩვენი მხარდამჭერების, ამომრჩევლის, რომ გუშინ უნდოდათ გამარჯვება. მეც მინდოდა, სპრინტში დამემარცხებინა ხელისუფლება, რომლის არ მჯეროდა პირველივე დღიდან, განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, ვერც გაამტყუნებ, მათ შორის ბევრ ჩვენს ახლობელსაც ვერ ვამტყუნებ, რომლებიც მივიდნენ და მხარი დაუჭირეს 2012 წლის ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ და დღეს არიან მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები. ჩემი ამოცანა არის, გაიზარდოს ამ პარტიის მხარდაჭერა, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლების აქტიურობით, განსაკუთრებით ვიცი რა, 50 პროცენტი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა, მაგალითად, თბილისში აღარ არის ამ პარტიის ამომრჩეველი და ეძებს, ვის დაუჭიროს მხარი, ხვალ რომ არჩევნები იყოს. 30 პროცენტია ასეთი მთელ ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ წლების განმავლობაში სწორება არ უნდა გვქონდეს მხოლოდ პარტიის არსებულ ამომრჩეველზე. ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, ისინი ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად არ ვართ საკმარისი. ახლა იმდენად დიდი უპირატესობაა, ახლა ნებისმიერი არჩევნები, რა ტიპისა და რა სისტემის ფარგლებშიც არ უნდა ჩაატაროს რუსულმა ოცნებამ, ის იქნება პირწმინდად დამარცხებული. ვადამდელ არჩევნებს არა თუ ვაანონსებთ, მე მიმაჩნია, ჩვენ მიგვაჩნია, საუკეთესო, მშვიდობიანი, დემოკრატიული გამოსავალია. ჩვენ ხომ არ დაგვიანონსებია პარლამენტში შევარდნა, ასეთი პოლიტიკოსები არ არსებობენ“, – განაცხადა მელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ არის ოპოზიცია იმ ფორმაში, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ჰქონდეს მხარდაჭერა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ოპოზიციიდან ვინც არ არის მზად, ის ოპოზიციურ ველზე არ იმსახურებს ყოფნას.

„კი, ნამდვილად, და ვინც მზად არ არის, ჩემი აზრით, ოპოზიციურ ველზე არ იმსახურებენ ყოფნას. ჩვენ იმიტომ არ გვინდა ახალი არჩევნები სწრაფად, 2023 წელს, რომ ჩვენი თვითმიზანია, არამედ იმიტომ, რომ ხელიდან გვეცლება ისტორიული შანსი, მოვიპოვოთ კანდიდატობა, რაც შესაძლებელს გახდის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, სამსახურიც რომ არ გქონდეთ თქვენ, მეც რომ სხვა საქმით დავკავდეთ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს მივხედავთ, განსხვავებით მოსახლეობის ალბათ ოთხმოცდაათი პროცენტისა, ჩვენი სოციალური გარანტიები გვაქვს, ოჯახის დამსახურებით ჩემს და თქვენს შემთხვევაშიც. მე ვიცი, რომ სრულიად სხვა მდგომარეობაშია საზოგადოება, მიდის ქვეყნიდან, ასი ათასი წავიდა, 2024 წლამდე, მინიმუმ 150 000 წავიდა, ასარჩევიც არაფერი იქნება“, – აღნიშნა მელიამ.