ნიკა მელია - უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან რევოლუცია მოხდა
ნიკა მელია - უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან რევოლუცია მოხდა

უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან რევოლუცია მოხდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, უკრაინის არჩევნები იყო უარი არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ოლიგარქისთვის, არამედ ყველა იმ ოლიგარქისთვის, რომელიც უკრაინაში არსებობდა.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინაში გუშინ განვითარებული მოვლენები, ანუ ოლიგარქატის დამარცხება, მხოლოდ ძალას შემატებს ქართული ოპოზიციური ძალების ბრძოლას ქართული ოლიგარქატის წინააღმდეგ. მე მჯერა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების საშუალება მიეცემა, რადგან ის უკანონოდ იყო ქვეყნიდან გამოძევებული, მიტაცებული ქალაქის შუა ცენტრიდან. რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, ნიშანდობლივია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება, რატომ? იმიტომ, რომ მას არაფერი უკეთებია წლების განმავლობაში, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი არაფერს აკეთებს. გუშინდელი არჩევნები იყო უკრაინის რეფერენდუმი. ეს იყო რევოლუცია საარჩევნო უბნებთან და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ჩხარტიშვილს, გომელაურებსა და გახარიას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტის დათვლის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი მიიღო.