ნიკა მელია - თქვენი ნებაა, გჯეროდეთ, რომ სოსო თოფურიძე წლების შემდეგ უბრალოდ დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ცხოვრებით, ეს ბატონი არ არის დამოუკიდებელი საკუთარი ნაბიჯების გადადგმისას
ნიკა მელია - თქვენი ნებაა, გჯეროდეთ, რომ სოსო თოფურიძე წლების შემდეგ უბრალოდ დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ცხოვრებით, ეს ბატონი არ არის დამოუკიდებელი საკუთარი ნაბიჯების გადადგმისას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ყველა ხვდება, რაშია საქმე და თუ ვინმეს კიდევ სჯერა, რომ სოსო თოფურიძე ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ბედით, ეს მისი უფლებაა.

ნიკა მელიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სოსო თოფურიძის იმ განცხადებაზე, სადაც თოფურიძე აღნიშნავს: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ, მაქვს სერიოზული დოკუმენტები, სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პარტიაში პოლიტიკური ველი რადიკალურად შეიცვლება“.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. ახლა, ერთ მშვენიერ დღეს დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ბედით – უკვე ამისი თუ ვინმეს, თუნდაც თქვენ გჯერათ, კიბატონო, ეს თქვენი უფლებაა. უბრალოდ, შეუძლებელია, ამაზე სხვა კომენტარი გაკეთდეს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველი თავდაყირა დააყენოს თოფურიძემ, – ნიკა მელია პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველა შესაძლებელ და შეუძლებელ დემოკრატიულ მეთოდს და ძალისხმევას გამოიყენებს არსებული რეჟიმის ცვლილებისთვის.

„თავად თუ გჯერათ, რომ ბატონი, ვის თაობაზეც თქვენ საუბრობთ, წლების შემდეგ უბრალოდ დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ცხოვრებით, თქვენი ნებაა, ამისი გჯეროდეთ. ვიტოვებ ნებას, ვთქვა, რომ ბატონი არ არის დამოუკიდებელი საკუთარი ნაბიჯების გადადგმისას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება პარტიაში დაპირისპირებასთან დაკავშირებულ კითხვას, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანება და აღნიშნული პარტიის შიგნით ყოველთვის იარსებებს განსხვავებული პოზიციები, რის გარშემოც იქნება მსჯელობა.

„მე მხოლოდ ვამაყობ იმით, რომ არა უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს ეს მსჯელობა, არამედ თქვენთვისაც ხდება ცნობილი, რა საკითხების გარშემო ვმსჯელობთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა ობოლაძის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ნიკა მელია ამბობს, რომ მისი სუვერენული უფლება იყო, მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და თავისი თავი ვერ იპოვა, ძალიან სამწუხაროა, პოლიტიკური პარტია უმსხვილესი ორგანიზმია – მისი სუვერენული უფლება იყო, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო და წარმატებებს ვუსურვებ იქ, სადაც გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.