ნიკა მელია - ჩემი დაკავება ვერ იქნება პანაცეა ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ მუხტს ვერ ჩააქრობს
ნიკა მელია - ჩემი დაკავება ვერ იქნება პანაცეა ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ მუხტს ვერ ჩააქრობს

შეიძლება, პოტენციურად გული დამწყდეს, თუ მოხდა ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ მის შესაძლო დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

„შეიძლება, პოტენციურად გული დამწყდეს, თუ მოხდა ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა. სწორ დღეს, სწორ მომენტში, იმ წუთებში, სადაც ასიათასობით საქართველოს მოქალაქე პოლიტიკურ პანჩურს ამოარტყამს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, იქ არ ვიქნები და ვიქნები სადღაც ოთხ კედელში გამოკეტილი.

სამწუხაროდ, საქართველო არ არის მყარი დემოკრატიული სახელმწიფო და როდესაც ოპოზიციური პლატფორმიდან ებრძვი ხელისუფლებას დასაშვები მეთოდებით, რა თქმა უნდა, უნდა დაუშვა ის, რომ ეს ხელისუფლება მით უფრო, არის  რეალურად ოლიგარქი. ბიძინა ივანიშვილს, გახარიას, გომელაურს და პირად მცველებს როცა ებრძვი, ხომ გასაგებია, პირადი მცველები თანამდებობაზე რატომ დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა. ანზორ ჩუბინიძეს რა უნდოდა სპეცრაზმელების რიგებს შორის? რა უნდოდა და კარნახობდა „სტრილიაწ“ და ესროდა.

შეშინებული ხარ ბიძინა. ჩემი დაჭერა რომ გშველოდეს, აქამდე დამიჭერდი. გეშინია ყველა იმ აქტიური ადამიანის, შესაძლოა, ყველა იმ განსხვავებული ადამიანის, რომელიც სტერეოტიპებს დაარღვევს. შენთვის ამოუხსნელია და ცდილობ განეიტრალებას, მაგრამ დაგაგვიანდა. ცოტა ადრე რომ გაგეკეთებინა, შეიძლება ემუშავა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მისი დაკავება ვერ ჩააქრობს პროტესტის მუხტს.

„ეს ბრძოლა არ შენელდება, ჩემი დაკავება ვერ იქნება პანაცეა ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ მუხტს ვერ ჩააქრობს. რა თქმა უნდა, ის ცდილობს, რომ ყველა აქტიური ადამიანისგან გათავისუფლდეს, მათ შორის პოლიტიკური სპექტრიდან, რადგან შეშინებულია. ბიძინა ივანიშვილო, თუ დამიჭერ, ჩემთვის ეს არის დიახაც ღირსება, რადგან ესე იგი სწორად მიცხოვრია ბოლო წლები, რომ შენ ჩემს დასაჭერად გაიხადე საქმე “, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.