ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, მოუწევთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, თუ არადა, აგერ ვნახავთ ძალიან მალე 
ნიკა მელია - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, მოუწევთ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, თუ არადა, აგერ ვნახავთ ძალიან მალე 

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს გამოსავალი – ან მივდივართ სახლებში და ფარხმალს ვყრით ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი, არ იქნება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. ხალხნო, ეს არის ღირსების საკითხი. ღირსების არჩევნებია. ბევრი არჩევნები წაგვიგია, მაგრამ გვიღიარებია, გვითქვამს, რომ წავაგეთ, მაგრამ ეს არჩევნები ხალხმა მოიგო და ხალხს წაართვეს. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. არ გვაპატიებს არც აწმყო, არც მომავალი, თუ არ დავიცავთ ჩვენს არჩევანს. ჩვენ ვსაუბრობდით მთელი კამპანიის განმავლობაში, რომ მოგვეცით ხმა და დავიცავთ თქვენს ხმებს, ხმების დაცვის პროცესი ახლაც გრძელდება.

ახლა არის დრო, როდესაც უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. კონსტიტუციის ყველა მუხლის დაცვით, ვიქნებით ჰიპერაქტიულები და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ვერ მოვაწყობთ, ვერ დანიშნავს. მას აუცილებლად მოუწევს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაც. თუ არადა, აგერ ვნახავთ ძალიან მალე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.