ნიკა მელია - როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარით გამოდის, წარმოიდგინეთ, სხვა პარტიებს რა მდგომარეობაში ჩაყენებას უპირებს
ნიკა მელია - როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარით გამოდის, წარმოიდგინეთ, სხვა პარტიებს რა მდგომარეობაში ჩაყენებას უპირებს

როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მუქარით გამოდის, წარმოიდგინეთ, სხვა პარტიებს რა მდგომარეობაში ჩაყენებას უპირებს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დღეს ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის გზავნილები გააჟღერა.

„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე, არა კობახიძის, არამედ ივანიშვილის მხრიდან, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც საუბრობს ბატონი კობახიძე, საუბრობს ბატონი ივანიშვილი. ნებისმიერი გზავნილი, რომელიც ამ ადამიანის მხრიდან ჟღერდება, ეს არის მინიმუმ შეთანხმებული ბატონ ივანიშვილთან ან როგორც წესი, მისი გზავნილია, რომელიც ხმოვანდება ბატონი კობახიძის მხრიდან. ამიტომ ის, რომ ისინი აპირებენ მთავარი ოპოზიციური პარტიის გაუქმებას, აქ უკვე საკითხი ისე კი არ არის, არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, არამედ საერთოდ რომც ჩავატაროთ არჩევნები, იქ მონაწილეობასაც ვერ მიიღებენ ვიღაც ვიღაცები. როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხარ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნები, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აპირებს, ჩააყენოს სხვა პარტიები, რომლებიც არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმისგან წამოსულ მუქარებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის და დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით.

„მან მკაფიო ხაზი გაავლო, ვინც პარლამენტში შემოვა, ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ, არ მოგცემთ. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება, დაუშვა დიდი შეცდომა და არ ითვალისწინებს მთავარს – ამ ოპოზიციური პარტიების უკან დგანან ცოცხალი ადამიანები, ასიათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც შევა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში, ის ვეღარ იქნება ვერც პოლიტიკოსი და ვეღარც ოპოზიციონერი. ბიძინა ივანიშვილმა „დახლი“ გახსნა და მარტივად რომ ვთქვათ, სათქმელი კიდევ ერთხელ გამოგზავნა: „ვისაც ფული გინდათ, მოდით, ვისაც ღირსება გაქვთ და პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ“. აი, ეს გზავნილი იყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე განცხადებით, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიდასავლურობაზე.

„სინამდვილეში, საპირისპირო ხდება. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რამდენად არის დაშორებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დასავლურ ცივილიზაციას და ჩვენი ბრძოლა სწორედ ამას ემსახურება, არ მოვწყდეთ დასავლურ ცივილიზაციას და ჩვენი ქვეყანა არ დაემსგავსოს რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის მანდატს და დაფინანსებას გაუუქმებს ყველა დეპუტატს, რომელიც პარლამენტს შესაბამისი განცხადებით მიმართავს. ასევე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში დააინიცირებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.