ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ცხენზე როცა იჯდა, მაშინ ვერაფერი გააკეთა ღარიბაშვილმა და ახლა რას უნდა შეუწყოს ხელი
ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ცხენზე როცა იჯდა, მაშინ ვერაფერი გააკეთა ღარიბაშვილმა და ახლა რას უნდა შეუწყოს ხელი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადბით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არა ვითარების ნორმალიზებას, არამედ გამწვავებას შეუწყობს ხელს. 

ამის შესახებ ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„უბირი ადამიანი, ლიტერატურული სიტყვაა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ადამიანი, რომელიც პოლიტიკური კლასისგან დაცლილია, რომლის ხაზიც მხოლოდ და მხოლოდ კომფრონტაციულია. როცა „ქართული ოცნება“ ცხენზე იჯდა, სამართლიანად ჰქონდა ნდობა 2013 წელს საზოგადოების მხრიდან, ღარიბაშვილს მაშინ მართლა შეეძლო ქარხანა აეშენებინა, ფაბრიკა გაეხსნა, ჯანდაცვის, განათლების სისტემაზე ეზრუნა, სიკეთეები შეექმნა. მაშინ ვერაფერი გააკეთა. 24 საათის განმავლობაში ლანძღვა-გინების, შუღლისა და ბალღამის თხევის მეტი არაფერი უკეთებია. ახლა, 2021 წელს რომ მოგყავს პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელიც არის პოლარიზაციის პერსონიფიკაცია, ბიძინა ივანიშვილი რომ ხარ, რას უწყობს ეს ხელს – ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ვითარების ნორმალიზებას, თუ მართლაც პოლარიზაციას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.