ნიკა მელია - პლასტიკური ბარათების რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ქართული ავიაკომპანია ჩაერთო და ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ნიკა მელია - პლასტიკური ბარათების რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ქართული ავიაკომპანია ჩაერთო და ბილეთების გაყიდვა დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პლასტიკური ბარათების რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა რუსების მხრიდან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

მელიას თქმით, აღნიშნული ნაბიჯით, ქართული ავიაკომპანია პირდაპირ ხელს შეუწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში.

„მსოფლიოში არსებობს ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო პლასტიკური ბარათების სისტემები, როგორიც არის „ვიზა“, „მასტერქარდი“, „ამერიკან ექსპრესი“ და სხვა. რუსეთმა სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა, რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა, სახელწოდებით „მირ“. საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ. ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა რუსების მხრიდან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც პირდაპირ ხელს შეუწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული, ისტორიული, უმძიმესი და უპრეცედენტო სანქციებისგან გვერდის ავლაში“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მელიას განმარტებით, ასევე, აღნიშნული ქართული ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფაზეთში და არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა და ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხობისა და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი, უღირსი ქმედება. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელოსუფლება აქტიურად მონაწილეობს რუსეთისთვის ამ სანქციების არიდებაში. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, და კიდევ უფრო მკაფიოდ დაიკავა რუსეთის მხარე. მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს.

ირაკლი ღარიბაშვილო, გასაგებია, რომ შენი და შენი მთავრობის პოლიტიკა მთლიანად არის აცდენილი ხალხის პოზიციისგან, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მცდარი პოლიტიკა, რომელსაც შენ და შენი მთავრობა აწარმოებთ, ეს არის მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს დასჯადი. ღალატია, როდესაც თავიდან ბოლომდე, ღიად, ყველა შესაძლო ბერკეტით, რაც შენ ხელთ არის, ეხმარები პუტინის რეჟიმს.

მივმართავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტს – ბატონ გაიაშვილს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილი ხელს გიწყობთ და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგით მასთან ერთად; გასაგებია, რომ შემოსავალი თქვენ განიჭებთ დიდ სიამოვნებას; გასაგებია, რომ ბევრი გაყიდული ბილეთი იმ საგადასახადო სისტემის მეშვეობით, რომელიც პუტინის რეჟიმმა შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთის სანქციებს გვერდი აუარონ, თქვენ მოგიტანთ შემოსავალს, მაგრამ არსებობს მორალური და ამ ქვეყნისადმი სიყვარულის ცნება. დაფიქრდით ამაზე, ბატონო გაიაშვილო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხელს გიწყობთ, უარი უნდა თქვათ პუტინის რეჟიმის მიერ შექმნილ სისტემაში მონაწილეობაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.