ნიკა მელია - მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობა გაუგებარია, შთაბეჭდილება დამრჩა, წარმოდგენა არ აქვთ რომელ კაბინეტში შედიან
ნიკა მელია - მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობა გაუგებარია, შთაბეჭდილება დამრჩა, წარმოდგენა არ აქვთ რომელ კაბინეტში შედიან

მთავრობის ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობა გაუგებარია და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ რომელ კაბინეტში შედიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„კითხვა მიჩნდება, საერთოდ რატომ ვუწოდებთ ამ შემადგენლობას მთავრობას, ან წინა რატომ იყო მთავრობა. არც საწყენად ვამბობ და არც ვიღაცის დასაკნინებლად, მაგრამ ფაქტია, არის ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ოჯახის ყოფილი სხვადასხვა მოსამსახურე პერსონალი. ფაქტია, ჩვენ აქ გვყავს ყოფილი ადვოკატი, ოჯახის ყოფილი ექიმი, დაცვის ყოფილი წევრი, მეორე ყოფილი ბანკირი, რატომ ჰქვია ამას მთავრობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და ერთი საათის განმავლობაში, ყველა აქტუალურ და მწვავე საკითხს წამოჭრის.

„ეს საკითხები აწუხებს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური ვითარებით, გაგრძელებული უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებით, რომელიც დღითიდღე მძაფრდება ყველა ქალაქში. მაინტერესებს, რა პასუხი აქვთ ძალოვან მინისტრებს, სამწუხაროდ, ყველა მათგანი რჩება თანამდებობაზე, არადა, მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ მიმართ აქვთ პრეტენზია“, – განაცხადა მელიამ.

დეპუტატის თქმით, გაუგებარია, ეკონომიკური ბლოკის შემადგენლობაც.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ რომელ კაბინეტში შედიან და ასევე, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ რეზონანსულ საკითხს, რომელიც არის ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედია. მთელი დღის განმავლობაში რატომღაც ეს საკითხი არ დასმულა და მთავრობაც ამაზე არ საუბრობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატის განცხადებით, მას ასევე კითხვა აქვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე.

„ადამიანი გაუჩინარდა, მთელი ერთი წელია გასული და მთავრობის არც ერთ წევრს მკაფიო პასუხი არ გაუცია. მაინტერესებს, რას ფიქრობს მამუკა ბახტაძე ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე დაიწყო.