ნიკა მელია - მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ან სასიკვდილო განაჩენზე, პარტიის მთელი ძალისხმევა ამ პროცესებისადმი იქნება მიმართული
ნიკა მელია - მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ან სასიკვდილო განაჩენზე, პარტიის მთელი ძალისხმევა ამ პროცესებისადმი იქნება მიმართული

მოვისმინეთ სამედიცინო პერსონალისგან, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის რესურსი არის ამოწურული და რაიმე  სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი რჩება, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, პარტიის მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.

„შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას ადარდებს. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული ამ პროცესებისადმი. პარასკევს, მაღალი ალბათობით, ვერ ამოიწურება საქმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული. აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი და ის მორალური უპირატესობა, რომელიც ახლა აქვს მიხეილ სააკაშვილს, მის ოჯახს, მხარდამჭერებს, უკვალოდ არ ჩაივლის. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, სასიკვდილო განაჩენთან შემგუებლობა იქნება ბევრი ადამიანისთვის გამორიცხული. აქ საკითხი მხოლოდ სააკაშვილს, როგორც მესამე პრეზიდენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს არ ეხება, როგორც ადამიანს ებრძვიან, მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება ნაბიჯები, რასაც წინ აღუდგება საზოგადოება. იმედს ვიტოვებ, საღი აზრის მარცვალი ხელისუფლების წიაღში გაიმარჯვებს და ამ ისტორიულ უსამართლობაზე ხელს არ მოაწერენ“, – განაცხადა მელიამ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.