ნიკა მელია - მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ადვილი 9 ნოემბრის შემდეგ, უნდა ვიპოვოთ ძალა და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ
ნიკა მელია - მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ადვილი 9 ნოემბრის შემდეგ, უნდა ვიპოვოთ ძალა და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ

ვფიქრობ, ბრაზზე ზედმეტია საუბარი. როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის სასამართლო სისტემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, „სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი“.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მეტად საგანგაშო ხდება, რადგან ის იმედი, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანში არსებობდა, საოცრება მომხდარიყო, ეს იმედიც გადაწურულია. ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჯგუფების, მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, სიმართლე ვთქვათ, კონსოლიდაცია არ არის ადვილი იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს თავს მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, საზოგადოებას შევთავაზეთ ის სურათი, რაც იყო 9 ნოემბრის შემდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება, რომელიც ძალაში რჩება, განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. ამის შემდეგ დავუბრუნდებით იმ პროცესს, რომელიც ნორმალურია, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არა ამ დროს. მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენი მეცადინეობით, ადვილი აღარ არის. დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. პირობას ვაძლევ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, ვისი მხარდამჭერებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ამ ბოლოს თვეების განმავლობაში, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამას არანაირი პარტიული თანამდებობა არ სჭირდება. აქ ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და ნებისმიერი სხვა არის მეასეხარისხოვანი“, – განაცხადა მელიამ.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.