ნიკა მელია - ხვალ პარლამენტში მიდის პროკურორი, პარლამენტში მივლენ ჩემი ადვოკატებიც, რათა დაუსვან კითხვები და მთელმა ქვეყანამ ნახოს, რომ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია
ნიკა მელია - ხვალ პარლამენტში მიდის პროკურორი, პარლამენტში მივლენ ჩემი ადვოკატებიც, რათა დაუსვან კითხვები და მთელმა ქვეყანამ ნახოს, რომ ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებასთან და მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტში ჩანიშნულ სხდომაზე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ნიკა მელიას ინფორმაციით, მისი ადვოკატები ხვალ პარლამენტში მივლენ და დაესწრებიან კომიტეტების სხდომებს, სადაც პროკურატურის წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ სიტყვით საგამოძიებო უწყების მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაზე, რომელიც ნიკა მელიას როგორც დეპუტატის უფლებამოსილებას ეხება.

„ხვალ, 16 თებერვალს, 10:00 საათზე „პარლამენტში“, იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორი მიდის. „პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც – გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით – პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“. გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული! და სულ ბოლოს, ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“, — წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.