ნიკა მელია - ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა არის ოპოზიციის შეთანხმებული ვერსია, ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი
ნიკა მელია - ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა არის ოპოზიციის შეთანხმებული ვერსია, ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი

ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რა არის ოპოზიციის შეთანხმებული ვერსია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება  – 100/50 მიუღებელია.

სტატუსკვო, რომელშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს, გვამყოფოს გაუგებარი 100/50 პროპორციით, ეს ვერსია არის მიუღებელი. ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში და ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რა არის შეთანხმებული ოპოზიციური ვერსია, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის დაახლოებული საერთო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. გასაგებია, „ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ-ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად. კომიკურია 100/50-ზე და ამას არავინ დათანხმდება“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არ ყოფილა მსჯელობა 120/30-ზე მოდელთან დაკავშირებით.

„ამაზე არავის უმსჯელია. შეხვედრა ახლა იწყება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთმანეთზე დამოკიდებული, ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვსხედვართ, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ხალხთან. ხალხის დაკვეთა არის პროპორციული არჩევნები ან ისეთი მოდელი, რომელიც მაქსიმალურად არის დაახლოებული გერმანულ მოდელთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართება.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ დღეს განაცხადა, რომ 100/50-ზე შეთავაზებით, მესამედის მხარდაჭერის არ არსებობის შემთხვევაშიც, მთავრობის დაკომპლექტების შანსი არსებობს, რაც არასწორია. 130/20-ზე მოდელით კი, იმ პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, განაცხადოს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე, რომელსაც არა 27 პროცენტი, არამედ 45 პროცენტთან ახლოს მხარდაჭერა ექნება.