ნიკა მელია - ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ ახალ წლებს გადააგორებს
ნიკა მელია - ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ ახალ წლებს გადააგორებს

უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, სასამართლო არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან გრძელი და რთული პერიოდი გაიარა.

„უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, ვინ იყო გულუბრყვილო, ვერ მივხვედრილიყავით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა სასამართლო. სასამართლო არ არსებობს. რა უნდა აკეთოს ხელისუფლებამ, თუ არა ოპოზიციის გასრესვა, რასაც უბრალოდ ვერ ეღირსება. ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ ახალ წლებს გადააგორებს და მერე კიდე ვიღაცას… დავით კირკიტაძე არის წარმატებული პოლიტიკოსი, ორჯერ მოუგო რუსთავი სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.

პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ უკანონო მოთხოვნებს არ დავემორჩილებით. ხელისუფლება როდესაც კანონს არათუ არღვევს, არამედ არაფრად მიაჩნია არც კონსტიტუცია და უბრალოდ მხოლოდ შუშის სასახლეზე აქვს სწორება მთელ ბიუროკრატიას, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონი ხელში. ამას გავაკეთებთ. ხელისუფლება რაც უფრო ღრმად შეტოპავს ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ეშხში, მით უფრო მალე დასრულდება. ჩვენ გავიარეთ ძალიან გრძელი და რთული პერიოდი, ახლა დარჩა ძალიან მოკლე რთული პერიოდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.