ნიკა მელია - გლდანში ისტორიამ შეგვკრიბა, ბევრნი ვართ და მართლები ვართ
გლდანში ისტორიამ შეგვკრიბა, ბევრნი ვართ და მართლები ვართ, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში, ნიკა მელიამ გლდანის რაიონში მისი წარდგენის ღონისძიებაზე.
„სიმართლეს გეტყვით, ველოდი ნამდვილად, რომ დღეს ვიქნებოდით ძალიან ბევრი, აქ, გლდანის რაიონში მცხოვრები ადამიანები, მუხიანელები, ავჭალელები და გლდანელები. მაგრამ, გამოგიტყდებით და, ამდენიც თუ ვიქნებოდით, არ ველოდი ნამდვილად. დიდი მადლობა ამისთვის, დიდი მადლობა ამ მუხტისთვის.
განსაკუთრებით იცით რატომ ვარ ამაყი? როგორც არასოდეს, ვარ ამაყი და სავსე მაქვს გული სიამაყით. ამაყი ვარ იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანისთვის აქ ყოფნა არ იყო ადვილი, ბევრი მიზეზის გამო. ამ მიზეზებს მე ახლა აქ არ ჩამოვთვლი. ბევრ ჩვენგანს დღეს აქ, არც ერთი რომელიმე ცალკე აღებული პარტია გვაერთიანებს, არც საერთო პოლიტიკური შეხედულება გვაერთიანებს ბევრ ჩვენგანს. მაგრამ გვაერთიანებს მთავარი, ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამ ქვეყნის გაერთიანება და წინსვლა.
დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აქ შევიკრიბეთ. რომ არა მიზანი დიდი – ეს ვერ შედგებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველა ვართ ეროვნულ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და ერთმანეთის კონკურენტები ვართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავდექით ერთად გლდანში, გლდანის რაიონში. დავდექით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი დაკვეთა. ხალხმა დაგვიკვეთა ერთობა. ხალხმა დაგვიკვეთა, რომ იყავით მთლიანები, იყავით ერთ მუშტად შეკრულები. კი, ბატონო, იდებატეთ, იკამათეთ სხვადასხვა შეხედულებებზე, მაგრამ ამ ქვეყანას განვითარების შანსი შეუნარჩუნეთ“, – განაცხადა გამოსვლისას ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებს, რომლებიც გლდანში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
„დარწმუნებული ვარ, ჩემო მეგობრებო, რომ 22 დღეში გლდანის რაიონი უდიდეს წვლილს შეიტანს ამ ქვეყნის გამარჯვებაში. მუხიანელები, ავჭალელები და გლდანელები ერთად გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან.
მე იმაშიც ვარ ღრმად დარწმუნებული რომ აქ თითოეული ჩვენის მხრიდან, თქვენს მიმართ, ერთმანეთის მიმართ ნათქვამი სიტყვები მთელ ქვეყანას შემოივლის. ეს მართალი სიტყვები ძალას მოიკრებს და აგორებული ტალღა 31 ოქტომბერს ქვეყანას გაათავისუფლებს, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. დიდი მადლობა ყველას ვინც აქ ვართ შეკრებილი და არ შემიძლია, ვიდრე აქ ვართ შეკრებილი, სოლიდარობა არ გამოვუცხადო ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომლებიც დააპატიმრა და წინასწარ პატიმრობაში გაამწესა ოლიგარქმა, მილიარდერმა ადამიანმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის აწმყოზე, ამ ქვეყნის წარსულზე და ამ ქვეყნის მომავალზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მისი საბანკო ანგარიშები და ფული. მაგრამ ჩვენ, ყველანი ასე არ ვფიქრობთ, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის და საკადრის პასუხს მიიღებს საარჩევნო უბნებთან ბიძინა ივანიშვილი. სოლიდარობა ჩვენს მეცნიერებს. ჩვენ გამო სხედან ისინი ციხეში, არაფერი საერთო არ აქვთ მათ არანაირ ყბადაღებულ რაიმე რუკებთან. დიახაც, ამდენი რომ ვართ და ასჯერ და ათასჯერ მეტნი რომ ვართ ქვეყანაში, ვისაც არ უნდა ოლიგარქატი ქვეყანაში, ამიტომ სხედან ისინი ციხეში.
დიდი მადლობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, იმისათვის რომ მიუხედავად კონკურენციისა, ისინი იბრძვიან სხვადასხვა ოლქებში წარმატებისთვის. ისინი დღეს აქ არიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.