ნიკა მელია - გიორგი ონიანი რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მერწმუნეთ, დღეს მას არ დააკავებდნენ
ნიკა მელია - გიორგი ონიანი რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მერწმუნეთ, დღეს მას არ დააკავებდნენ

გიორგი ონიანი რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მერწმუნეთ, დღეს მას არ დააკავებდნენ, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ონიანმა ბოლომდე შეინარჩუნა თავისი პირვანდელი პოზიცია, რომელიც გულისხმობს ან ქვეყნის სიყვარულს და უკეთეს ხვალინდელ საქართველოს.

„ჯერჯერობით არა უკანასკნელი, კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ივანიშვილს. გიორგი ონიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ მან უარი არ თქვა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ვინ თუ არა, მე ვიცი, რამდენი შეთვლა, თხოვნა, მუქარა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალიან კარგად ვიცი. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მერწმუნეთ, დღეს გოგა ონიანს არ დააკავებდნენ. მეტიც, გოგა ონიანი რომ ყოფილიყო სხვა, ვითომ ოპოზიციურ პარტიაში და იმ ოპოზიციური პარტიის ფარგლებში ყოფილიყო დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით, დიახაც, არ იქნებოდა გოგა ონიანი დაკავებული. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა.

გოგა ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ონიანს ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

გამოძიების ინფორმაციით, 2011 წელს, როდესაც ის პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში მუშაობდა, მის მიერ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, განხორციელდა ლევან მდინარაძის დევნა, რომელიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გააყალბეს მტკიცებულებები, ონიანმა გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ ლევან მდინარაძის საქმის მასალებში ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ფაქტი დაფიქსირებულიყო.