ნიკა მელია - ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ბევრი შეკრება ყოველდღე, რა გააკეთეს უკრაინელებმა, ხომ ვიცით, როგორ იბრძოლეს, ყინვაში, თოვლში
ნიკა მელია - ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ბევრი შეკრება ყოველდღე, რა გააკეთეს უკრაინელებმა, ხომ ვიცით, როგორ იბრძოლეს, ყინვაში, თოვლში

ახლა თუ მართლა გვინდა, რომ ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გამოსვლის დროა, თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა მიზეზით, ყოველდღიურად ვერ ახერხებს საპროტესტო, უწყვეტ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ასეთი მოქალაქეები არიან ძალიან ბევრი, ათიათასობით. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობს 10 ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალურ ქსელში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჯერა ოპოზიციის, ვისაც ეიმედება, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, მსჯელობს, რას იზამს ოპოზიცია, გადატეხავს ვითარებას ქვეყნის საკეთილდღეოდ? ტალახიდან ამოიყვანს ვითარებას, სადაც რეჟიმმა ჩააგდო, თუ არა? აქ მინდა, ვთქვა მთავარი – ოპოზიცია არის თითოეული საქართველოს მოქალაქე, საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს – ხელისუფლება და რეჟიმი რომ გყავდეს ოდნავ მაინც საღ აზრს შემორჩენილი, უკვე ათასჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს შერიგებისკენ, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება. ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ეს არის ერთადერთ გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან.

მინდა, აქვს მივესალმო, მხნეობა, ჯანმრთელობა ვუსურვო მიხეილ სააკაშვილსა და ელენე ხოშტარიას. ახლა, ქუჩებში გამოსვლის დროა, არაძალადობრივ აქციებში უწყვეტად და უტეხად მონაწილეობის მიღების დროა, აღარ არის სოციალურ ქსელებში აქტიურობის დრო, აღარ არის მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების ყურების დრო. ბევრ თქვენგანს ალბათ, არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდით იმ განცხადებას, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახელით. ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც არის საეტაპო განცხადება, რომელიც ღია დეკლარაციაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა საერთაშორისო ორგნიზაციას, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის განვითარებას, უთხრა – ამიერიდან, ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს, პოლიტიზებული და მიკერძოებული, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთო. ყველა ის ადამიანი, მიმართავს უცხოელებს, ვინც თვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ვიტოვებთ უფლებას, ჩავთვალოთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავად დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით. არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ ხდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, რაც იკადრა იანუკოვიჩმა. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც დაასრულა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, უკვე ცივილიზაციური არჩევანია გასაკეთებელი, მეტი რა უნდა თქვას რეჟიმმა, ღიად განაცხადა, რომ დასავლეთთან წყვეტს კავშირს.

„მათ ჩაუვარდათ განვლილ დღეებში დაპირისპირების, სისხლისღვრის ტაქტიკა და სტრატეგია, ჩვენ არ ავყევით, მაგრამ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე, ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში, ეს ასე იქნება, არ შეჩერდება. ერთ გენერალურ დანიშნულ თარიღზე ჩვენ მათ ბრძოლას არ გავუმართავთ და არ გავუმართეთ. ამ სტრატეგიამ სიმართლის და მართალი ხალხის სასარგებლოდ გაამართლა. გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოებამ და განცხადებები განცხადებებზე კეთდება. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? დიდწილად იმან, რომ დაუღალავად, შეუპოვრად, ყოველდღე, მოსვენებას არ ვაძლევთ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეებს. აქ, მართლაც თუ გულით გვინდა, რომ არ გვაყურებინონ ადამიანის მკვლელობას, ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ ამ ქვეყანაში, ახლა თუ მართლა გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ, ქუჩაში გამოსვლის დროა. თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ქუჩაში გამოსვლის დროა.

განცხადებებს, რომელსაც აქვეყნებენ ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ამას აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის, კრემლის წარმომადგენლები, ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები, ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები და მისი მორჩილები.

მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია რასაც ეწირება, ის მიზანი არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ყოველდღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამოვშალოთ, ირყევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ და თითოეული ქუჩაში გამოსული, არაძალადობრივად მოქმედი საქართველოს მოქალაქე ნიშნავს, რომ ეს უკვე შერყეული რეჟიმი, ჩამოინგრევა. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს იცით? საქართველოს დროშა უნდა ჩამოიხსნას და რუსეთის ფედერაციის დროშა უნდა აფრიალდეს ან აქ უნდა დაინახოთ რუსული ჩექმა ჯარისკაცის და ტანკის, ამაზე მეტს ეს ხალხი ვერ გვეტყვის. რას აკეთებენ – აქ მათი გულწრფელობა არის დასაფასებელი – დღეს გვითხრეს, რომ ჩვენ ვწყვეტთ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირსო,  ჯერი ჩვენზეა, ჩვენს მოქმედებებზე. მხოლოდ მძლავრი, უწყვეტი, დაუღალავი, ორგანიზებული და დისციპლინებული პროტესტი, რომელიც სახეზეა, დაანგრევს ამ რეჟიმს. გილოცავთ თითოეული თქვენგანს, თქვენ გერგოთ წილად პატივი, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ, ეს არ არის ჩვეულებრივი საჩუქარი განგებისგან. თითოეულ თქვენგანს, ნორმალურ სახელმწიფოში, ურჩევია ოჯახებში იყოს, ოჯახური გეგმები დავგეგმოთ, შვლები სკოლაში წავიყვანოთ და მერე მივაკითხოთ, მაგრამ არსებობს ეროვნული გამოწვევები, როდესაც ეს გამოწვევები არის ხელის გულზე მკაფიოდ დადებული, ბევრი რამ უნდა გადავდოთ განზე.

ბევრს გონია და ეს კლასიკური მიტინგების ჩატარების ტრადიცია იყო, ერთი შეკრება და დაშლა, არა – ბევრი შეკრება ყოველდღე. რა გააკეთეს უკრაინელებმა, ხომ ვიცით, როგორ იბრძოლეს, ყინვაში, თოვლში. მათ 8 ნოემბერს უნდოდათ, რომ ჩვენ არაგონივრულად მოვქცეულიყავით და მერე საერთაშორისო საზოგადოებასაც არ ჰქონოდა შესაძლებლობა, გვერდში დაგვდგომოდა და იარლიყი მოეწებებინათ სახელმწიფო გადატრიალებისა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და დაინახეთ, რამდენი შეცდომა დაუშვეს, არაძალადობრივად მოქმედი მოქალაქეები ტროტუარებიდან დაიჭირეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, გადამწყვეტ ფაზაში არის შესული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლა.

„სახელმწიფო ჩვენ მალე გვექნება ან არ გვექნება, მაგრამ გვექნება, თუ არ დავიღლებით და თითოეული ჩვენგანი მომდევნო აქციებზე ერთ დამატებით მეზობელს, ამხანაგსა და ნათესავს თუ წამოვიყვანთ. აღარ კმარა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, აღარ კმარა ჩუმი, მდუმარე მხარდაჭერა და ნერვიულობა. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთ გამოსავალი, რომ აქ რუსეთის დროშამ არ იფრიალოს. არც ერთი პოლიტიკური პარტია აქ არაფერ შუაში არ არის, ეს არის ეროვნული საკითხი, რომელიც უნდა გადაჭრას ერმა. ჩვენ არ გვიმალავენ, რომ რუსების უკანა ბოსტანში და ეზოში ჩაგვაყუდონ. არ აქვთ ამ ადამიანებს ხალხზე წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამ გადმოსახედიდან ხომ ნათლად ჩანს, რომ 20 ივნისი შემთხვევითობა არ იყო. კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახეთ ამ გადმოსახედიდან, რომ გავრილოვი შემთხვევით არ აღმოჩნდა იმ სავარძელში. დროში გაეწელა პუტინს საკუთარი ზრახვების სისრულეში მოყვანა და მოინდომა 2021 წლის ბოლომდე ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასრულება. ერთი მეორესთან დაკავშირებული არის.

ჩვენ უნდა ვიყოთ ზეაქტიურები, ყოველდღიურად საპროტესტო აქციებში მივიღოთ მონაწილეობა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავამსხვრიოთ. შეცდომის დაშვება ნიშნავს პუტინის გაძლიერებას და მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით ჩატოვებას ციხეში. თუ რამე არის არაადიამიანური მოპყრობა და წამება, გუშინ მოვისმინეთ ეკა ხერხეულიძისგან, რა პირობებში ყავთ მიხეილ სააკაშვილი. 24 საათის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ მას, ციხის ადმინისტრაციის მიერ გადმობირებული პატიმრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დროს არიან შესახლებული. სულ რაღაც სამი თუ ოთხი მეტრი აშორებს მიხეილ სააკაშვილისა და იმათ ფანჯრებს შორის მანძილი. მხოლოდ სოციალური ქსელი, ტელევიზიები, ჩუმი და მდუმარე მხარდაჭერა არ კმარა. მტკიცე პროტესტი ყოველდღიური უნდა იყოს. მთავარია, ვიყოთ ბევრი, ერთ მშვენიერ დღეს მთელი საქართველო დადგება, დღეს იანუკოვიჩის გზას დაადგა ეს ხალხი. ჯერი და ამოცანა არის ჩვენზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ ხვალინდელ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალაც რამდენიმე ადგილზე გაიმართება აქციები.

„რაც შეეხება გეგმებს, გრძელდება ის, რაც დავიწყეთ. ხვალ გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა მე არ დავაანონსებ, მაგრამ დილიდან თქვენ ამ ყველაფერს იხილავთ. აქვე ხვალ 19:00 საათზე ერთ-ერთი აქტიური ჯგუფი, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იქნება. კარგია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურები არიან, აქ გამართავენ აქციას, ჩვენ კი სხვადსხვა წერტილებში გავმართავთ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ქვეყნის სამსახურში ყოფნა არის ის, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.