ნიკა მელია - ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვერ ბედავს, მილიონერი მაჟორიტარები არიან
ნიკა მელია - ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვერ ბედავს, მილიონერი მაჟორიტარები არიან

2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, ადგილობრივ პოლიტიკაში ყველა აქტორი და ყველა ჩვენი პარტნიორი ერთსა და იმავეზე საუბრობს, ევროპარლამენტარების წერილიც ამ ყველაფრის დასტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ინტერესშივე უნდა შედიოდეს.

„2020 წელს „ქართული ოცნება“ არჩევნებს ან პროპორციული სისტემით ატარებს და ხალხის კატეგორიულ მოთხოვნას შეისმენს, ან თუ ახლა „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ რამდენიმე ადგილობრივი ფეოდალის ხარჯზე ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ძალიან ცდება. ამას შეიძლება, ძალიან არასასიამოვნო პროცესები მოჰყვეს თავად „ქართული ოცნებისთვის“ 2020-ში. ეს რომ არ მოხდეს, თამაშის წესები სამართლიანად უნდა დადგინდეს. „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანი თუ არა, რამე სამართლიანობასთან დაახლოებული სისტემა უნდა მოიფიქროს. ამ შემთხვევაში, გამოსავლად არაფერი არ მესახება უკეთესი, ვიდრე არის პროპორციული სისტემა,“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ვითარება სრულიად სხვაგვარი იყო და მაშინდელი ოპოზიცია ამ სისტემას მხარს უჭერდა.

„უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ პაკეტად გამოჰქონდა, სადაც საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი საკითხი იყო. ოპოზიცია ეუბნებოდა მე მხარ სვუჭერ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს, მაგრამ ამ პაკეტს, რომლითაც გამოდიხართ, მხარს არ ვუჭერთ.  ასეთ თვალთმაქცობას ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნებიდან“. თავი დავანებოთ, რა იყო გუშინ და გუშინწინ, დღეს ხომ კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მოთმინებას არ უნდა ცდიდეს.

„შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სისტემით 35 პროცენტი მიიღოს და 2020 წელში კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამას პირდაპირ არასაარჩევნო მეთოდებით ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება. ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა? ჩვენც არ გვინდა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ვერ ბედავს, მოქმედი მილიონერი მაჟორიტარები გახლავთ.  წარმოიდგინეთ, ივანიშვილმა ხვალ რომ უთხრას, ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ და 2020 წელს მაჟორიტარული წესით არჩევა აღარ იქნება. „ქართული ოცნების“ ეს მთელი მილიონერი შემადგენლობა რას იზამს? ბიძინა ივანიშვილს ორ დღეშივე ზურგს შეაქცევს და წავლენ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ტყვეობაშია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი შეფასებით, მილიონერ დეპუტატებს მანდატი საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის სჭირდებათ.

„შემდეგ იქიდან ამონაგები თანხებით, შემოწირულობის სახით რამდენიმე მილიონს „ქართულ ოცნებას“ გადაუგდებენ. მაგალითისთვის გეტყვით, თბილისში დღეს რამე თუ შენდება, ორად ორი დეპუტატი აშენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ რიგებში არიან“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების წერილის იმ ნაწილს, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეს ეხება, მელიას თქმით, ეს შემთხვევა „ქართული ოცნების“ „დამოკლეს მახვილია“.

„ია კერზაიას ტრაგიკული შემთხვევა, მკვლელობა პირდაპირ გეტყვით, „ქართული ოცნების“ თავზე ის „დამოკლეს მახვილია“, რომელიც საბოლოო ჯამში, აუცილებლად დასრულდება მართლმსაჯულების წინაშე „ქართული ოცნების“ რიგებში ყველა დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯით, მათ შორის გიორგი გახარია მყავს მხედველობაში. ამ ტრაგედიის თავი და ბოლო გახარიაა. ვერც ერთი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თავის თავზე ვერ აიღებდა იმას, რაც ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა და, რომელიღაც გენინსპექციის რიგითმა თანამშრომელმა გააკეთა, რომ არ ყოფილიყო გახარიას დავალება, რომელიც შარშან არჩევნებს სამეგრელოში უწევდა კურირებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თერთმეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინოს.

ასევე, ევროპარლამენტის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ია კერზაიას საქმეზე წერილით მიმართა. ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა და აღნიშნულ საქმეზე სწრაფი და დეტალური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს ია კერზაიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზები.