ნიკა მელია - დღეს შეიცვალა ვითარება, როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობითაც
ნიკა მელია - დღეს შეიცვალა ვითარება, როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობითაც

დაჩოქილი დეპუტატები დავინახე გუშინ, რომლებმაც მთელი თვის განმავლობაში ვითომ იმსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავე, ალაპარაკეს, მტკიცებულებები საკმარისიაო, რამდენიმე ვაჟკაცი დეპუტატის გარდა „ქართული ოცნებიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით მას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„დღეს შეიცვალა ვითარება, დიდწილად საზოგადოებრივი განწყობების შესაბამისად, როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობითაც და იმ საფრთხეების წინაშე დადგა ბიძინა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც ახლა გააკეთებინა ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს არ არის ჩვეულებრივი მოსამართლე, ეს არის კოლეგიის თავმჯდომარე, ჩინჩალაძის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. 92 დეპუტატმა გუშინ 09:00 საათიდან, რა არ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით მოეხსნათ ჩემთვის იმუნიტეტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ.

„სასამართლოს სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლეს მივმართე და ვუთხარი, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ დღეს აქ, იქნება პატიმრობა, თუ ნებისმიერი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე, თუნდაც გირაო, ეს ორივე შემთხვევაში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვინაიდან, ადამიანი, რომელიც ვითომ რომ არ არის უბრალო მოსამართლე და გახლავთ კოლეგიის თავმჯდომარე, ბატონი გოგოხია, რომელიც ჩინჩალაძის უახლოესი მეგობარია. ჩინჩალაძის, მურუსიძის, ივანიშვილისა და გახარიას სასამართლო რა არის კი ვიცით და დღემდე ვსაუბრობდი იმაზე, რაზეც ვსაუბრობდი. დღეს სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას პოზიციას ვერ შევიცვლიდი, ენას ვერ მოვიჩლეფდი და ვერ ვეტყოდი ახლა იმას, რასაც არ ვფიქრობ. მგონი, ძალიან ბევრს, აბსოლუტურ უმრავლესობას არა თუ არ მიაჩნია, რომ რომელიმე ცალკე აღებული მოსამართლე, მით უფრო პოლიტიზებულ საქმეზე შეიძლება გამოირჩეოდეს ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანით, პირდაპირ ისინი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების მავთულით შეერთებული ხალხი. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ და არა ერთხელ დამტკიცებულა. მით უფრო, მხოლოდ გუშინდელ დღეს მოვიყვან მაგალითად. ვიხილეთ 92 დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნების“ რიგებიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.