ნიკა მელია - ოპოზიცია არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, არამედ ყველა წამყვან პოზიციაზე უნდა გაერთიანდეს
ნიკა მელია - ოპოზიცია არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, არამედ ყველა წამყვან პოზიციაზე უნდა გაერთიანდეს

არა მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატზე, არამედ ყველა წამყვან პოზიციაზე უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარდგეს თბილისში.

„მჭიდრო კოორდინაციის და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა გარანტირებულია. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ გზაზე, სადაც უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. როცა პროპორციული არჩევნები კარს მოგვადგება, ყველა დამოუკიდებელ გზას უნდა დაადგეს, ეს სამართლიანი იქნება. ყველა პარტიამ მაჟორიტარულ ოლქებში თავისი კანდიდატი წამოაყენოს. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში ეყოლება 4-5 კანდიდატი, ხოლო ხელისუფლებას ეყოლება ერთი.

რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ვარ ჩართული, ერთობა მე აქ არასოდეს არ მინახავს, კანდიდატებს შორის არასოდეს ყოფილა თანხმობა, არც 2012-ში, 2017-ში პოლიტიკურმა პარტიებმა დავხოცეთ ერთმანეთი, არ იყო არანაირი ერთობა. ერთადერთი შანსი გვქონდა 2020 წელს და ესეც ვერ განხორციელდა. „ევროპული საქართველო“ იყო, ვინც ითხოვდა მაჟორიტარულ ოლქებში ერთობას, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა რამდენიმე მიზეზის გამო. 2020 წელს რომ მომხდარიყო ერთობა, ეს საბრძოლო კლიმატს შექმნიდა, ბრძოლის მუხტი აიწევდა და დღეს ხელისუფლებაში რეჟიმი არ გვეყოლებოდა. ამიტომ ჩვენ გავითვალისწინებთ ამ ნაკლოვანებებს, რაც ჩვენ თვითონ არ აღმოფხვერით ან იმავე გზას დავადგებით.

ყოველთვის იყო ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ხშირად გავიწყდებოდა ხელისუფლება. იგივე მოხდება.

თბილისის  მერობის საერთო კანდიდატს შორის კი არ უნდა იყოს ერთობა, ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე და მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება, ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარდგეს თბილისში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.