ნიკა მელია - არ შეიძლება, მომწონდეს, ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ მესმის იმ პოლიტიკოსებისადმი მრისხანების, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდება არაფრად მიაჩნიათ
ნიკა მელია - არ შეიძლება, მომწონდეს, ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ მესმის იმ პოლიტიკოსებისადმი მრისხანების, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდება არაფრად მიაჩნიათ

არ შეიძლება, მომწონდეს, ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, მაგრამ მესმის იმ პოლიტიკოსებისადმი მრისხანების, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდება არაფრად მიაჩნიათ, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“. ის სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

„არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა, მაგრამ „ხელისუფლებამ“ საზოგადოებას, თავსლაფი დაასხა – ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ „ხელისუფლებას“ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდება არაფრად მიაჩნიათ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს“, – წერს ნიკა მელია.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.