ნიკა მელია - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ
ნიკა მელია - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი – დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა. ორი თვის განმავლობაში მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ, ჩემზე კარგად იციან. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოთხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს. 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს – იგივე უნდა გააკეთონ, ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათ გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული. მე სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის – 40 000 ლარის – გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთი კვირა და გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.