ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პატრიოტულმა ელიტამ, მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ შეკავშირება იმ დასავლურ საზოგადოებასთან, რომელსაც უნდა ქართულ სახელმწიფოში დემოკრატიის გაძლიერება
ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პატრიოტულმა ელიტამ, მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ შეკავშირება იმ დასავლურ საზოგადოებასთან, რომელსაც უნდა ქართულ სახელმწიფოში დემოკრატიის გაძლიერება

საქართველოს პატრიოტულმა ელიტამ და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ შეკავშირება, არ მოშალონ მჭიდრო კონტაქტი იმ დასავლურ საზოგადოებასთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ინსტიტუტებთან, რომელთაც უნდათ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი, დემოკრატიის გაძლიერება, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება როდესაც ჩართულია ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იქ კონკრეტულ გემგებზე, გაწერილ გეგმებზე საუბარი არ არის.

„ეს ასეა ისტორიულად, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების კონტექსტშიც. საქართველოს პატრიოტულმა ელიტამ და საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოახდინონ შეკავშირება, არ მოშალონ მჭიდრო კონტაქტი დასავლურ საზოგადოებასთან, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, იმ ადამიანებთან და ინსტიტუტებთან, რომელთაც უნდათ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქართულ სახელმწიფოში დემოკრატიის გაძლიერება. ამ ყველაფერში დაუღლელობით, სიჯიუტით, ჩემი ღრმა რწმენით, ხელისუფალი იძულებული გახდება, უკან დაიხიოს და გაიწვიოს კანონი, რომელიც სავსებით ბოლშევიკურია თავისი შინაარსით, ფორმით და მიზანდასახულობით“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისივე თქმით, აქციაზე უნდა იყოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური, კანონისმიერი და ღირსების ბრძოლა.

„ბრძოლა და პროტესტი დაფუძნებულია ადამიანების შინაგან რწმენაზე, პატიოსან და მართალ განცდაზე, რომ საქართველი თავისი ისტორიით, კულტურით, შემეცნებით, ეროვნული და სახელმწიფოებრივი პიროვნებით, ვინაობით არის ევროპის განუყოფელი ნაწილი. ეს პროტესტი დგას უფრო მეტად არა მოქმედებაზე, არამედ მტკიცე რწმენაზე, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ადამიანების დაუღლელობასთან და საზოგადოების მიერ იმის გაცნობიერებასთან, რომ ახლა დაღლა, უკან დახევა გამოიწვევს ქართული დემოკრატიული პროცესის, ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციის ჩამოშლას და უგულვებელყოფს ყველა იმ ღირებულებას, იდეალს, რომელსაც მიეძღვნა ქართული ისტორია, ჩვენი საუკეთესო წინაპრების ცხოვრება და თანამედროვე ქართველების შრომა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.