ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს ძენო და ასულნო, ჩვენ წინაშე საშინელი უფსკრული აღიმართა
ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს ძენო და ასულნო, ჩვენ წინაშე საშინელი უფსკრული აღიმართა

საქართველოს ძენო და ასულნო, თანამოქალაქენო, ჩვენ წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი ყრუ კედელი, – ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილების მთავარი მიზანია, დაასრულონ უსამართლობა.

„ეს არის უსამართლობისა და ჩაგვრის კედელი, ჩვენ ყველანი აქ ვდგავართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, რათა თავისუფლებისთვის კიაფობდეს საქართველო უკუნისამდე.

ხვალ 18:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფო სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, ერთიან სამოქმედო გეგმაზე ხვალინდელ აქციაზე ისაუბრებენ.

„ოკუპანტის დამპყრობელი ქვეყნის ვასალმა, სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელმა, დიქტატორმა ივანიშვილმა მიაღწია ეროვნულ მოძრაობას, გილოცავთ. დიახ, ეს არის თქვენი მოძრაობა, ეს არის ბავშვების მოძრაობა და თქვენ ახლა ხედავთ რეინკარნირებულ მრგვალ მაგიდას, თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრის ერთობას. მათ გამოიწვიეს, მიაღწიეს ხალხის აჯანყებას და თუ უნდოდათ, რომ აქ მდგარიყვნენ მილიონები, ხვალ ისინი ნახავენ აქ სრულიად საქართველოს და ისინი გაიგონებენ ქართველი ხალხის ხმას.

ხვალ ვისაუბრებთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე და მინდა მოგილოცოთ, ყველაფერი იქნება კარგად. დაე, აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე #არმომკლა კონსულტაციების გამართვის დროს, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ, ზვიად კუპრავამ პარლამენტთან აქციიდან რუსთაველზე მდებარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში გადაინაცვლა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა. ედპ-ს ოფისში მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ ლიდერები, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.