ნიკა მაჭუტაძე - სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი
ნიკა მაჭუტაძე - სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი

​სანდრა რულოვსმა განსაკუთრებულად აჩვენა ახალი ტიპის კამპანია, გამოავლინა საუკეთესო თვისებები, რათა შემდგარიყო როგორც პოლიტიკური ლიდერი, – ამის შესახებ პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, „სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც უარი თქვა არაკანონიერ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესთან შეგუებაზე, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში“.

„სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ სანდრა-ელისაბედ რულოვსს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ზუგდიდის ოლქში. სანდრა რულოვსი ნამდვილად არის ახალი პოლიტიკური ლიდერი და არა მხოლოდ პოლიტიკური ტიპის ლიდერი, რომელმაც უარი თქვა არაკანონიერ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესთან შეგუებაზე, რომელიც ჩატარდა გუშინ ზუგდიდში. ეს არ იყო არჩევნები, ამას არ შეიძლება, არჩევნები ვუწოდოთ, რადგან ეს იყო კრიმინალთან გარიგებული სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ოპერაცია. ოპერაცია, რომლის შედეგადაც ოფიციალურ, ფორმალურ დოკუმენტებში არ აისახა ქართველი ხალხისა და ზუგდიდელების პოლიტიკური ნება, მათი სამოქალაქო პოზიცია. აქტიური კონსულტაციების რეჟიმში შევა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებთან, ასევე სანდრა რულოვსთან. დიდი ალბათობით, აქტიურად მივიღებთ იმ პროცესებში მონაწილეობას და თავადაც ვიქნებით ინიციატორი იმ პროცესის დაწყებისა, რომელსაც ჰქვია საქართველოში ადეკვატური პასუხის გაცემა ამ ძალადობრივი ქმედებების ჩამტარებელთა მიმართ, ანუ ივანიშვილის რეჟიმისადმი იმ მიზნით, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოსცილდეს საქართველოს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრის თქმით, პარტია ემხრობა პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებს, რომლებითაც მოახერხებენ და დაიცავენ ხალხის ინტერესებს, უფლებასა და თავისუფლებას.

„საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი, ქართველი ხალხისა და სხვა ევროპელი ხალხების პოლიტიკური ისტორია და მისი პრაქტიკა იცნობს პოლიტიკური ბრძოლის ძალიან ბევრ ფორმას, მათ შორის საპროტესტო მანიფესტაციებს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კანონიერ მეთოდებს, რომლებიც გულისხმობენ შეკრებებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას. რასაკვირველია, იმ ზღვრამდე, რასაც ჰქვია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ზღვარი, ვემხრობით და ვეთანხმებით ყველა აქტივობას. ვემხრობით პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებს, რომლებითაც მოახერხებენ და დაიცავენ ხალხის ინტერესებს, უფლებასა და თავისუფლებას. ღრმად მწამს, რომ ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტის სწორი და ადეკვატური, ასევე ღირსეული გამოვლენის გარეშე ქართული პოლიტიკა ვეღარ გააგრძელებს არსებობას“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.