ნიკა მაჭუტაძე - ნატო ჩხეიძე არასოდეს ყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის წევრი
ნიკა მაჭუტაძე - ნატო ჩხეიძე არასოდეს ყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის წევრი

ქალბატონი ნატო ჩხეიძე არასოდეს ყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის წევრი, – განაცხადა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ქალბატონი ნატო ჩხეიძე არასოდეს ბრძანებულა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის წევრი. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

ამ განცხადებით ნიკა მაჭუტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როდის შეიცვალა ნატო-ს მიმართ დამოკიდებულება ნატო ჩხეიძემ, რადგან ის იმ პარტიის წევრი იყო, რომელიც დაფუძნებიდან დღემდე უბლოკო სტატუსს ლობირებს და ნატო-ს ეწინააღმდეგება.

როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ნატო ჩხეიძე არასოდეს ყოფილა ნატო-სა და ევროპის კავშირის წინააღმდეგი.

„ქალბატონ ნატო ჩხეიძის შესახებ უნდა ვიცოდეთ, რომ ის მოდის არამც თუ პრორუსული, არამედ ცალსახად დისიდენტური, ანტისაბჭოთა და მებრძოლი პროდასავლური ტრადიციიდან“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მისი თქმით, ნატო ჩხეიძე იმიტომ არის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და მისი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, რომ ის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუხრელ კურსს იზიარებს.

„დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ის იზიარებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განუხრელ კურსს“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

შეკითხვაზე, სად არის იმის გარანტია, რომ ნატო ჩხეიძეს ხვალ სხვა ღირებულებები არ აღმოაჩნდება, ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს ნატო ჩხეიძის არც ერთი განცხადება, სადაც ის ნატო-ს წინააღმდეგია, ხოლო პირადად მისთვის მეათეხარისხოვანია, ნატო ჩხეიძე რომელი პოლიტიკური ორგანიზაციით, თუ ინსტრუმენტით მოხვდა საპარლამენტო ტრიბუნასთან.