ნიკა მაჭუტაძე - ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ ხელოვნური პრობლემები შეუქმნა
ნიკა მაჭუტაძე - ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ ხელოვნური პრობლემები შეუქმნა

„ომეგა ჯგუფს“ დავალიანება გადასახდელი აქვს, ამას თავადაც არ უარყოფენ, მაგრამ ითხოვენ, ხელისუფლებად წოდებულმა ამ ბანდამ საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება მისცეს, რის შემდეგაც დავალიანებას სამართლიანი გრაფიკის მიხედვით გადაიხდიან, – ამის შესახებ მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ ხელოვნური პრობლემები შეუქმნა, გააჩერა მათი ფაბრიკები, წარმოება და თუ ფაბრიკამ ვერ იმუშავა, პროდუქტი ვერ გამოიმუშავა და ბაზარზე თავისუფლად ვერ გაიტანა, ორგანიზაცია ვერანაირ გადასახადებს ვერ გადაიხდის“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ფიქრობს, რომ „ომეგა ჯგუფს“ ხელოვნური პრობლემები შეუქმნეს, ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ ზაზა ოქუაშვილმა კარგად განმარტა ის მკაფიო რეალობა, რომლის წინაშეც იდგა. 

„ხელისუფლების მმართველ მაფიოზებსა და კრიმინალებს ჰქონდათ იმედი, რომ ეს კაცი მათ მილიონობით დოლარს გადაუხდიდა, კონკრეტულ მინისტრებს მის მფლობელობაში არსებული მანქანების ლიმიტებს შესთავაზებდა, ბიძინა ივანიშვილის ძმას „შევროლეტს“ მისცემდა, თავისთვის „კადილაკს“ დაიტოვებდა და ა.შ“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აყენებს თუ არა ის აუდიო ჩანაწერების ავთენტურობას ეჭვქვეშ, რადგან ბრიტანეთის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ამბობს, რომ აუდიოჩანაწერები მონტაჟის შედეგია, მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ ვიღაცების მოსაზრებებთან დაკავშირებით არ იდავებს.

„გახარიამ დაადასტურა ზაზა ოქუაშვილის ივანიშვილთან შეხვედრა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, როგორც მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი. ეს ხდებოდა მაშინ, იმ პირობებში, როცა ივანიშვილი სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებდა და უკვე ექსპრემიერი იყო, მაგრამ ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება მაინც მასთან ერთად მიდიოდა“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

შეკითხვაზე, რა არგუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი სწორედ ამ საკითხებზე მიდიოდა, მაჭუტაძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან საუბრისას ფოლკლორისტიკით არ დაინტერესდებოდა და არც ზაზა ოქუაშვილთან საუბრისას დაინტერესდებოდა ოთარ ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის მწერლობით, თუ ლიტერატურათმცოდნეობით, რითაც ზაზა ოქუაშვილის ოჯახი გამოირჩევა.