ნიკა მაჭუტაძე - „იბერიას დაცვის კომიტეტი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
ნიკა მაჭუტაძე - „იბერიას დაცვის კომიტეტი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

„იბერიას დაცვის კომიტეტი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – აცხადებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე და „ომეგა ჯგუფის“ მხარდაჭერის მიზნით ახალ აქციებს აანონსებს.

მაჭუტაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამინისტროდან „გაიპარა“ და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სამინისტროები, უწყებები ემორჩილებიან კრიმინალურ სინდიკატს. ამ სამარცხვინო ე.წ. ფინანსთა მინისტრს არ აღმოაჩნდა პასუხები „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების მომართ. არ აღმოაჩნდა პასუხები ქართული საზოგადოების მიმართ. ამიტომაც „იბერიას დაცვის კომიტეტი“ დღეიდან გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ დილიდან გავმართავთ საგანგებო სხდომას. აუცილებლად გავაგრძელებთ და უფრო დიდ მასშტაბებს შევძენთ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი ბიზნესის, თავისუფალი მედიისა და თითოეული მოქალაქის სოციალური, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვას“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია ფინანსთა სამინისტროსთან დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.