ნიკა მაჭუტაძე - მივესალმებით სახალხო დამცველის ინიციატივას, დარწმუნებული ვარ, ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის განსჯის დროს ობიექტური იქნება
ნიკა მაჭუტაძე - მივესალმებით სახალხო დამცველის ინიციატივას, დარწმუნებული ვარ, ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის მდგომარეობის განსჯის დროს ობიექტური იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა მისასალმებელია.

მისივე თქმით, ჯგუფის წევრები საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი მედიკოსები და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ისინი ობიექტურები იქნებიან.

„მივესალმებით ამ ჯგუფის შექმნას და სახალხო დამცველის ჰუმანიტარულ ინიციატივას. ამასთანავე იმ შემადგენლობას, რომლითაც ეს ჯგუფი, კონსილიუმი დაკომპლექტდა. ესენი არიან საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი მედიკოსები და მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ბევრი რამ იცის. ისინი პროფესიული რეპუტაციითაც გამოირჩევიან და დარწმუნებული ვარ, იქნებიან ობიექტურნი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის განსჯის დროს. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილს ძალიან დიდი სისუსტე აქვს და გუშინ კონცენტრაციის დაცვა რამდენჯერმე გაუჭირდა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში პირველად გუშინ შევიდა.