ნიკა მაჭუტაძე - ჩვენს სიებში პრემიერის ხელმოწერა არ არის, ეს ტყუილია
ჩვენს სიებში პრემიერის ხელმოწერა არ არის, ეს ტყუილია, – განაცხადა მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მოძრაობის ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ეს არის სუს-ის აგენტურის პროვოკაცია და გარედან დივერსია. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ-სამართლებრივ საბოტაჟსაც. ეს მე ჯერ დადასტურებულად არ ვიცი. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება, რომელმაც გააყალბა კონსტიტუცია, სახელმწიფოს პოლიტიკური და დემოკრატიული შინაარსი და ბანკი დააყაჩაღა, გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაც დოკუმენტის გაყალბებას აბრალებს, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. ამ ყველაფერს გამოძიება ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც მედიას მიაწვდის ინფორმაციას, რა მოხდა რეალურად.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მათ მტკიცებულებები, რომ ხელმოწერა არა მათი, არამედ ცესკო-ს მხრიდან არის გაყალბებული, მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, რამდენიმე დღეში ვიღაცებს შერცხვებათ, რომ ნიკა მაჭუტაძესა და გაერთიანებულ ოპოზიციას გაყალბებას აბრალებდნენ.
ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
ნიკა მაჭუტაძის პარტიის („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ) მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.