ნიკა კვეკვესკირი - ჰალანდის არყოფნა, შესაძლოა, ნორვეგიელებისთვის უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი გახდეს #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - ჰალანდის არყოფნა, შესაძლოა, ნორვეგიელებისთვის უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი გახდეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

„მონღოლეთთან შეხვედრა ნორვეგიამდე გენერალური რეპეტიციაა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რათა 28 მარტის მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ის კომპონენტები დავხვეწოთ, რაც შემდეგ ოფიციალურ თამაშში დაგვჭირდება. სამწუხაროდ, ანრი მექვაბიშვილი მცირე დაზიანების გამო გამოგვაკლდა, მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელები სათამაშოდ 100%-ით მზად არიან.

რაც შეეხება ჰალანდის გარეშე მოთამაშე ნორვეგიის ნაკრებს, ზოგადად, ეროვნული გუნდი განსაკუთრებული სპეციფიკისაა და საკლუბოსგან განსხვავდება. ნაკრებში დიდი დრო არ გაქვს, რომ მეტოქისთვის მოემზადო. ამიტომ, მგონია, რომ ჰალანდის არყოფნა ჩვენს გეგმებში დიდ ცვლილებებს არ შეიტანს.

ჩვენ სწრაფ რეჟიმში მუშაობასა და ტაქტიკურად ახალ დეტალებზე გადაწყობას შეჩვეულები ვართ. ისეთი ვარსკვლავის გამოკლება, როგორიც ჰალანდია, ნებისმიერ გუნდს დაეტყობა და უნდა ვეცადოთ, ეს მაქსიმალურად ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

შესაძლოა, ეს ნორვეგიელებისთვის უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი გახდეს და მათზე დადებითად იმოქმედოს. ამიტომ მგონია, რომ უკეთ უნდა მოვემზადოთ, რადგან შეკრულ გუნდს დავეჯახებით. დიდი იმედი მაქვს, ნაკრები მოახლოვებულ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშს საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ჩაატარებს. 28 მარტს კი, 20:00 საათზე ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.