ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს გამოცხადდება
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს გამოცხადდება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი პარასკევს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ბრალდებულებს სიტყვით მიმართა კვარაცხელიას დედამ და მათ დამკვეთების დასახელებისკენ მოუწოდა.

„აბსურდის თეატრია. მე შემეცოდნენ ახალგაზრდები, ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. მოსამართლევ, არ ვიცი, იცით თუ არა, კავილაძემ აღიარა მკვლელობა და დამკვეთები. მინდა, დამკვეთებმა იცოდნენ, მათი სახელები ვიცი. შემომხედე, როცა მიხვედი გაგარინზე, დაქირავებულ ბინაში, ვისთან მიხვედი? როგორ მიგატოვეს, მეცოდებით ძალიან.

მეგონა, უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს. მეცოდებიან, პატივცემულო მოსამართლე, ეს ორი ახალგაზრდა და მათი თანამზრახველები, ისინი უნდა ვიხსნათ მონობისგან, ისინი არიან დამკვეთების მონები. მე მყავდა წარმატებული შვილი, ნიკოს ჰქონდა ინოვაციური პროექტი და ზუსტად ესროლეს ამ პროექტს“, – განაცხადა იზა ომაძემ.

კვარაცხელიას დედამ მოსამართლეს მიმართა, რომ ახლა ჯერი მასზეა.

„დიდი იმედი მაქვს, თქვენ ბრძნულად არ დაიბანთ ხელს. დარწმუნებული ვარ, შვილები გყავთ, უნდა დაბრუნდეთ სახლში, არ დაიბანოთ ხელები. ჯერი თქვენზეა და განაჩენი გამოიტანეთ“, – განაცხადა ნიკა კვარაცხელიას დედამ.

ამასთან, იზა ომაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ბრალდებულები ჯგუფური დანაშაულისთვის გასამართლდებიან.

„დარწმუნებული ვარ, პარასკევს მოსამართლე გამოიტანს განაჩენს ჯგუფურზე, აუცილებლად დაისჯება მკვლელი კაველაძე და მკვლელი ჭელიძე“, – განაცხადა იზა ომაძემ.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.