ნიკა გვარამიას მეუღლე - მე და ნიკა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, ის ერთადერთია, ვინც ესე უსასყიდლოდ იბრძვის, რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილების თაობამ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ
ნიკა გვარამიას მეუღლე - მე და ნიკა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, ის ერთადერთია, ვინც ესე უსასყიდლოდ იბრძვის, რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილების თაობამ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება შეძლონ

ამჟამად ჩვენ  ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, კრედიტით შევიძინეთ ბინა, მაგრამ მისი გარემონტება სახსრების გამო ვერ შევძელით და გავყიდეთ, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილმა განაცხადა.

სოფო ლილუაშვილის განცხადებით, მეუღლეს მასთან ბინის გაყიდვაზე საუბარი ჰქონდა, რაშიც დაეთანხმა.

„ბინასთან დაკავშირებით მე და ნიკას გვქონდა საუბარი. მე ამ დროს ამერიკაში ვიყავი. გამიზიარა, რისთვისაც სჭირდებოდა ამ ბინის გაყიდვა და მეც დავთანხმდი ცხადია, იმიტომ, რომ მე მჯერა ნიკასი, მჯერა, რომ ის თავის მიზანს ყოველთვის აღწევს, მჯერა იმისი, რომ ის ძალიან კარგ საქმეს ემსახურება და ვთვლი, რომ დღეს საქართველოში ერთადერთია, ვინც ესე უსასყიდლოდ იმისთვის იბრძვის, რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილების თაობამ შეძლონ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება“, – განაცხადა ნიკა გვარამიას მეუღლემ.

მისი თქმით, ოჯახი ამჟამად ქირით ცხოვრობს.

„ჩვენ ამჟამად, დღეს ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, კრედიტით შევიძინეთ ბინა, მაგრამ მისი გარემონტება სახსრების გამო ვერ შევძელით თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ბინაც გავყიდეთ. კრედიტი ჩაიფარა იმ ფულით, ამ წუთას მე და ნიკა, შვილებთან ერთად, ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში“, – განმარტა „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მეუღლემ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჯერ არ არის ცნობილი მთავარი პროკურატურა აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად“, – განაცხადეს გუშინ პროკურატურაში.

ამასთან, ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას  ბრალის დადგენილება გააცნეს, განაცხადა, რომ ბრალში არანაირი ბინების ეპიზოდი არ არის.