ნიკა გვარამიას ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ნიკა გვარამიას ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა საასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა.

როგორც ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, საჩივარი შეეხება ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს, გირაოს. საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება გირაოს თაობაზე უნდა გაუქმდეს.

„მოსამართლის გადაწყვეტილება გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო, ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას და არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც ფიზიკურად არ უნახავს, რადგან პროკურატურამ შუამდგომლობისას მოიტანა მხოლოდ ექვსი ტომი. დარჩენილი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად სასამართლოში არ მოხვედრილა.

ასევე სასამართლოს აქვს არასწორი სამართლებრივი განმარტებები. მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – კონტრადა იტალიის წინააღმდეგ და ამით გაამართლა, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა მოწმეებზე. ამ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკი ამართლებს აღკვეთის ღონისძიებას, სინამდვილეში ეს საქმე რადიკალურად განსხვავებული გარემოებებისგან შედგება. კონტრადა იყო სიცილიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და მაფიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება, კარგად იცით, როგორ უსწორდებიან მაფიოზები მოწმეებს და ამ პირობებში ამ საქმეს გაუთანაბრა. ძალიან სასაცილოა, ნიკა გვარამიას რანაირად შეიძლება გაუთანაბრო მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული რისკები? სასაცილოა სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

„ასევე სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებდა, რომ „რუსთავი 2“-ს არ მიუღია ზიანი, მომდევნო წელს სახელშეკრულებო თანხა გაიზარდა სწორედ ნიკა გვარამიას მოთხოვნით 9 300 000 ლარით და „რუსთავი 2“-მა არათუ იზარალა, არამედ პირიქით, სარგებელი მიიღო ამ ხელშეკრულებით.

არ არსებობს არანაირი საფუძველი გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი სააპელაციო სასამართლოს შედეგთან დაკავშირებით, იმის გამო, თუ რა მდგომარეობა არსებობს საქართველოში სასამართლოს სისტემაში. მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო 10 აგვისტოს შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ გვარამია არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. ცნობილია, რომ ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს.