ნიკა გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები კანონის დარღვევით გადაეცა
ნიკა გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები კანონის დარღვევით გადაეცა

პროკურატურას რეალურად არ აინტერესებს საქმეში გარკვევა, ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და ასრულებს დაკვეთას, შემდგომში შეეცდება, რომ „გააპრავოს“ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი ისე წარუდგინა, რომ საგამძიებო უწყებას საქმის მასალები შესწავლილი აქ ჰქონდა.

„ზოგადად პროკურატურის მოვალეობაა, ჯერ გამოიკვლიოს ინფორმაცია და მერე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ბრალის წარდგენა. თუ საკითხი ეხება ფინანსურ დანაშაულს, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი დასკვნების არსებობა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზება. ჩვენ შემთხვევაში ჯერ ბრალი წაუყენეს და მერე აპირებენ, რომ შეისწავლონ ის მასალა, რაც ამოღებული აქვთ „რუსთავი 2“-დან და „ინტერმედიადან“, ეს ბუნებრივია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროკურატურას რეალურად კი არ აინტერესებს გარკვევა საქმეში და მერე გადაწყვეტილების მიღება, არამედ ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და ასრულებს დაკვეთას და შემდგომში შეეცდება, რომ „გააპრავოს“ ეს გადაწყვეტილება“, -განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისთვის დოკუმენტაციის გადაცემა პროცედურული წესების დარღვევით მოხდა და დოკუმენტებით სავსე ყუთები დაუნომრავი და აღურიცხავი იყო, რაც მისი განცხადებით, საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუშვებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურული საკითხებიც კი არ ყოფილა დაცული, მაგალითად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პროკურორი ვალდებულია ადვოკატს გადასცეს მის ხელთ არსებული მასალა და ამის საფუძველზე უნდა შედგეს ოქმი, ეს არის კანონის მოთხოვნა. თუმცა მე გადმომეცა დოკუმენტაცია, რომლის ნაწილიც დანომრილია ნაწილი კი უბრალოდ ყუთებშია ჩაყრილი და არც აღრიცხულია.

ამაზე პროკურორის პოზიცია იყო, რომ მას არ ავალდებულებს კანონი მტკიცებულების აღრიცხვას და დანომვრას, ეს პოზიცია გაიზიარა სასამართლომაც და ეს პოზიცია არის სასაცილო მარტივი მიზეზის გამო. კანონი მოითხოვს, რომ შედგეს ოქმი, ნებისმიერი ოქმი და აქტი როცა დგება, გარკვეული ინფორმაციის ან ნივთის გადაცემაზე აუცილებელი მოთხოვნაა აქტის, რომ ხდებოდეს იდენტიფიცირება, თუ რისი გადაცემა ხდება, ბუნებრივია კანონში ყველაფერი დეტალურად არ არის გაწერილი და არც უნდა იყოს, რომ უნდა დაინომროს და ეს ვალდებულება ვრცელდება პროკურორ პეტრზე, ივანეზე თუ პავლეზე, ამაზე კანონში ჩანაწერი არ სჭირდება. ორშაბათის მერე სამშაბათი რომ მოდის ამაზე ჩანაწერები კანონში არ გხვდება და არც უნდა გხვდებოდეს, ეს არის შეფასების საგანი და პროკურატურა და სასამართლო უნდა აზროვნებდეს და ისე იღებდეს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.