ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

როგორც ნიკა გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე თქვა, კანონები მარტო ხალხისთვის არ არის დაწერილი და, უპირველესად, სახელმწიფოსთვის არის დაწერილი.

„როცა მეუბნები, რომ თამაშის წესები მარტო შენთვის არსებობს და მე რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, არა, ჩემო კარგო. სამშობლოს გამყიდველობა ყველაზე მძიმე თამაშია, რაც შეიძლება, ცხოვრებაში ითამაშო. ოქმი გაყალბებულია და მიგაქვს მტკიცებულება, რომ ადამიანს უკანონოდ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, არის ორჯერ უფრო მეტად სისხლის სამართლის დანაშაული. მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება და საქმეში შეიტანეთ თქვენი წვლილი, ამ საქმეს ჰქვია სამშობლოს გადარჩენა“, – მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

ნიკა გვარამია 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სამართალდამცველები „დროას“ ოფისში ჩხრეკას ატარებდნენ, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს.