ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა - ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ, აპირებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არასწორია ოპოზიციური პარტიების მოსაზრება, რომ ახლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი „ივანიშვილის შემოგდებული თემაა“.
ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას: აპირებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?
„მიკვირს, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას, რომ ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრის დრო არ არის. ამაზე ლაპარაკი თუ არ გნებავთ, მეგობრებო, მაშინ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ და დასრულდება ამაზე ლაპარაკი მყისიერად. აღარავითარი შეკითხვა არ დაისმება მეორეჯერ. მაგრამ ვიდრე ამაზე ბუნდოვანი პასუხია, ან საერთოდ არ არის პასუხი, მუდმივად იქნება ამაზე საუბარი.
ახლა ამაზე საუბრის დრო რომ არ არის და ივანიშვილის შემოგდებული თემაა, ეს არასწორი პასუხია. ეს ან არის არასწორად გააზრებული პასუხი და, შესაბამისად, არასწორი პასუხი, ან არის ამომრჩევლის შეცდომაში შეგნებულად შეყვანა. ჯერ კიდევ ფიქრობ, შეხვიდე თუ არა არჩევნებში, დაიტოვო თუ არა უკან დასახევი გზა. ზაფხულში თუ აპირებენ პასუხის გაცემას, ესე იგი დღეს არ არიან პასუხის გაცემისთვის მზად. ვინც ვერ ამბობს პასუხს, მივიჩნევთ, რომ ჩამოყალიბებული არ არის. ამ ვითარებაში არ იყო ჩამოყალიბებული იმაზე, სრული თანამშრომლობა გქონდეს რეჟიმთან თუ არა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია“, – განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.