ნიკა გვარამიამ ახალგაზრდებს მიმართა - გამოდით თქვენი იდეებით, სიმამაცით, თქვენი დასავლელობით, იბრძოლეთ სამშობლოს მომავლისთვის, თქვენთან ერთად ცვლილებები შესაძლებელია
გამოდით თქვენი იდეებით, თქვენი სიმამაცით, თქვენი სიძლიერით, თქვენი დასავლელობით. ადექით და იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქვეყნის დასავლური მომავლისთვის, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ქართველ ახალგაზრდებს მიმართა.
გვარამიას თქმით, ახალგაზრდებთან ერთად ცვლილებები შესაძლებელია.
„მინდა, მივმართო ახალ თაობას. ახალი თაობა არის არა მხოლოდ Gen-Z თაობა, არამედ 25, 30 და მეტი წლის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში კი არ დაბადებულან, როგორც მე, არამედ თავისუფალ საქართველოში. ასე რომ, გამოდით თქვენი იდეებით, თქვენი სიმამაცით, თქვენი სიძლიერით, თქვენი დასავლელობით. ადექით და იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქვეყნის დასავლური მომავლისთვის, თქვენი პირადი მომავლისთვის, თქვენი მშობლების მომავლისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის, თქვენი სამშობლოს მომავლისთვის. შენ სჭირდები შენს სამშობლოს. ყველაფერი შესაძლებელია, უკვე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებში არის უზარმაზარი რესურსი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რესურსია თქვენს ხელში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ამ ახალ თაობაში. პოლიტიკას სჭირდები, შენს ქვეყანას სჭირდები. შენ გარეშე ყველაფერი შეუძლებელია. თქვენთან ერთად ცვლილებები ძალიან, ძალიან შესაძლებელია. შეგიძლია იყო ძალიან ეფექტური, შეგიძლია, შეცვალო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომლის შესახებ ინფორმაციასაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.