ნიკა გვარამია – ვფიქრობ, მოვიდა დრო, „ოპოზიციური ალიანსის“ ხელმომწერები ხელახლა შევიკრიბოთ და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ, მეც მინდა, ვიცოდე, სად ვარ

22:40, 14.07.2026

ვფიქრობ, მოვიდა დრო, ჩვენ, ხელმომწერები ხელახლა შევიკრიბოთ და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არავის ადანაშაულებს, რადგან უფრთხილდება იმას, „რაც ჯერ კიდევ არსებობს“.

„მგონია, რომ ამ ფორმატმა აჩვენა სიცოცხლისუნარიანობა. 26 მაისი ხომ სიცოცხლისუნარიანობის გამოხატულება იყო. გულწრფელად გეტყვით და შეძლება, აქ ვთქვა ეს პირველად, რომ ვფიქრობ, მოვიდა დრო, ჩვენ, ხელმომწერები ხელახლა შევიკრიბოთ და გადავიაზროთ, რას ვაკეთებთ. ხელახლა შევიკრიბოთ ყველა ერთად უკვე იმ მოტივით, რომ გადავიაზროთ, რა ხდება ჩვენს თავს; მოცემულობა, რომელიც თავის დროზე შევქმენით, რომელმაც იმუშავა და შემდეგ სისუსტეები აჩვენა – ამ მოცემულობის პირობებშიც ვაგრძელებთ ერთად სიარულს? ვამბობთ, ვაგრძელებთ თუ არა. ისე კი არა, გამოცანებით, რომ ერთმა ნაწილმა პარტიის ერთი თქვას, მეორე პარტიამ საერთოდ რეგიონ-რეგიონ იაროს, ალიანსის წესდების დარღვევით ილაპარაკოს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, შევალთო. ვუფრთხილდები იმას, რომ ალიანსი არსებობს. დასახელებები და თითის გაშვერები რომ დავიწყო, ნიშნავს, რომ უნდა დავადანაშაულო. არ მინდა დადანაშაულება, მათ შორის არც „ნაციონალური მოძრაობის“. ვუფრთხილდები იმას, რაც ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, – „დიდი ხანია, არ შეკრებილხართ?“ – გვარამიამ უპასუხა:

„ვიკრიბებით ხოლმე, გვაქვს მუშაობის სხვა ფორმატებიც, გარდა ფიზიკურად შეკრებისა. მათ შორის ჩატებით, ვიდეოჩართვებით. 21-ე საუკუნეა, ვიღაც სადღაცაა წასული. გულწრფელად ვიტყვი, ჩემთვის ის ტემპორიტმი, რომელიც არსებობდა – 26 მაისი რითაც დასრულდა და შემდეგ რამდენიმე დღე, კვირა გრძელდებოდა, იყო მისაღები, სასურველი და სწორი. ახლა რაც ხდება, არ ვიცი, ზაფხულის ბრალია, სიცხის ბრალია თუ რისი ბრალია, ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. მეც მინდა, ვიცოდე, სად ვარ – განვითარების იმავე წერტილში ვიმყოფები, იგივე ვითარებაა ჩვენს თავს, იმავენაირად შეგვიძლია … მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ძალისხმევებით კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები ერთმანეთში, რაც არასდროს არის ცალმხრივი. არ მჯერა ცალმხრივად გამოწვეული დაძაბულობების, მაგრამ, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ცდილობს რატომღაც. არ ვიცი, რაში სჭირდება. არ მესმის, პარტიას საერთოდ რატომ უნდა სჭირდებოდეს ვითარების არევა იქ, სადაც თავად არის. ეს არ არის ძალის გამოსხივება, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა თუ არა, ოღონდ მკაფიოდ უნდა ითქვას, ამ მიმართულებით ბუნდოვანება დამღლელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი