ნიკა გვარამია - თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით
ნიკა გვარამია - თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით

თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალ დირექტორ პაატა სალიასთან ტელეკომპანიის შენობაში შეხვედრისას განუცხადა.

არხის ყოფილი და მოქმედი გენერალური დირექტორი ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

პაატა სალიამ ნიკა გვარამიას განუმარტა, რატომ მივიდა ტელეკომპანიაში, რაზეც ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ მას „არ აინტერესებს პაატა სალიას სამომავლო გეგმები“.

„მსურს, არ შეფერხდეს არხის მუშაობა. მაინტერესებს იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც მუშაობს. ასევე, მინდა შეხვედრა ვინც ფინანსურ და სამართლებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რათა კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ამ ნაწილში არ ვერევი. ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“, – განაცხადა პაატა სალიამ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ პაატა სალიას უპასუხა და განაცხადა, რომ „ვერ ითანამშრომლებს კოლაბორაციონისტებთან“.

„თქვენ ანგარიშს მაბარებთ? გგონიათ მაინტერესებს ეგ ამბავი? თქვენი აზრით მასე ხდება გადაბარება ცივილურად? მე არ მაინტერესებს რას აპირებთ. მე ვერ ვითანამშრომლებ კოლაბორაციონისტებთან. ეს ჩემი შეფასებაა. თქვენ სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ქვეყანაში უკიდურესად მძიმე პროცესების თანამონაწილე ხართ. თუ გგონიათ, რომ აქ შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით. თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ მოგიმზადოთ. ახლა ვისაც გინდათ, შეხვდით, ამ ეტაპზე კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, იქ ჩემი პირადი სივრცეა. იმედია, ძალის გამოყენებით არ შეიჭრებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პაატა სალიას თქმით, ის არსად შეჭრას არ აპირებდა, რაზეც გვარამიამ უპასუხა: „თქვენ აქ მოხვედით ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად. სჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით“.