ნიკა გვარამია - სუს-ში გამოკითხვა ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, მეტის გამხელა არ შემიძლია
ნიკა გვარამია - სუს-ში გამოკითხვა ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, მეტის გამხელა არ შემიძლია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დღევანდელი გამოკითხვა არ უკავშირდებოდა ე.წ. კრებსების საკითხს.

გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოკითხვა ეხებოდა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს და ხვალაც გაგრძელდება. გვარამიას თქმით, დეტალებზე ის ვერ ისაუბრებს.

„დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 16:00 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება.

მეტის გამხელა უბრალოდ, არ შემიძლია. ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი, მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა ან რაღაცა სახის პროვოკაცია. ეს გამოჩნდება. თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის, ჩემს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ნიკა გვარამიამ უწყებაში მისვლა თავად მოინდომა.

„ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადეს სუს-ში.