ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა
ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

მან უწყება დაახლოებით ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ნიკა გვარამია განცხადებით, სუს-ის ტერორისტულ დეპარტამენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას ეხება.

„ათ დღეზე მეტია, ეს ინფორმაცია არსებობს. მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სახალხო დამცველსაც და მათი რჩევითაც და ჩემი გადაწყვეტილებითაც მოვედი ტერორისტულ დეპარტამენტში. ინფორმაცია ეხება ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას, ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია. გულწრფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია ან რაღაცა პროვოკაცია, თუმცა იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია. ორი რამის გამო მოვედი; პირველი – სული ტკბილია და ბოდიში, მაგრამ მნიშვნელოვანია, ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის, ამ სახელმწიფოს ჰქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას აკეთებს. ჩემთვის ეს პირადი საკითხია, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ვენდობი თუ არა ამ დაწესებულებას, ეს მეორეხარისხოვანია ჩემთვის. დაცვის ღონისძიებები შემოთავაზებული არ არის, ეს ჩემთვის მარტივად გადასაწყვეტია ჯერჯერობით. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი მინდა, მივმართო ინფორმატორს, რომელიც მე არ დავასახელე, რადგან ჟურნალისტური პრივილეგია მაქვს. მინდა, მივმართო მას, რომ გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, ამ შენობაში მოვიდეს ან სხვაგან და მიაწოდოს ინფორმაცია ოფიციალურად, რადგან მგონი მალვის და ასეთ სიტუაციებში რაღაც გვერდით გაწვევის დრო არ არის. სიტუაცია სერიოზულია, რაც არ უნდა იყოს, გინდა მართალი იყოს, გინდა ტყუილი“, – განაცხადა გვარამიამ.

დატოვე კომენტარი