ნიკა გვარამია – საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ირაკლი ღარიბაშვილი პრაქტიკულად ინფორმაციას იძლევა ამასთან დაკავშირებით, შეუძლებელია, არ დაგაინტერესოს
რიგითი მოქალაქე ხომ არ არის ირაკლი ღარიბაშვილი, კაცი პრემიერ-მინისტრი იყო ჯერ კიდევ წლების წინ და ამას რომ ამბობს, კი ბატონო, გამოიძიონ, მე რატომ მკითხავენ, ეს ვერ გავიგე – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეკითხვებს აჩენს.
„საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე. ვწუხვარ, რომ ის გარდაცვლილია. ადამიანი პრაქტიკულად იძლევა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, განცხადებას აკეთებს. შეუძლებელია, რომ ამან არ დაგაინტერესოს. რიგითი მოქალაქე ხომ არ არის, ეს კაცი იყო პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. პირდაპირ ვკითხულობ, ეს კაცი რომ ამას ამბობს, კი ბატონო, გამოიძიონ, მე რატომ მკითხავენ, ვერ გავიგე. ბიძინა ივანიშვილის განცხადება რომ გაკეთდეს იმავე შინაარსის, ინტერესი იქნება. ინტერესი არის, როგორ შეიძლება ამან კითხვის ნიშანი არ აღძრას? მიზანი არის, გააშავონ ღარიბაშვილი, წარმოაჩინონ, ვუჭერ მხარს თუ არა – არა, არ ვუჭერ. ფაქტების კონსტატაციაა, რაც თქვა და ეს შეკითხვებს აჩენს“, – განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გაგრძელდება“. დღეს უწყებაში ნიკა გვარამია იყო დაბარებული.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ სექტემბერს გაავრცელა წერილი, სადაც ლაზარე ჯორბენაძეზე საუბრობს. წერილის შემდეგ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსლეში დაწერა, რომ ღარიბაშვილის წერილი უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება.