ნიკა გვარამია - სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე,  დაბინავების პროცედურით კმაყოფილი ვართ
ნიკა გვარამია - სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, დაბინავების პროცედურით კმაყოფილი ვართ

გადმოყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისვე თქმით, კმაყოფილია იმ პროცედურით, როგორც წარიმართა სააკაშვილის ჰოსპიტალში დაბინავება.

„სამედიცინო დეტალებზე ნიკოლოზ ყიფშიძე ილაპარაკებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება. კმაყოფილი ვართ  გადმოყვანის და დაბინავების პროცედურით. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ჯერჯერობით,  გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა ამგვარი ტიპის ვიზიტები, ვსაუბრობ, პირველ რიგში, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე. გასაგებია, რომ ადვოკატების ვიზიტები ბუნებრივია, შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება იქიდან გამომდინარე, რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ, დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტრო არის აქ უკვე წამყვანი უწყება. ამ საერთო კომუნიკაციების შედეგად გავარკვევთ, როგორ და რანაირად იქნება.

იცით, სახალხო დამცველის მანდატი შეუფერხებლად ვრცელდება. მათ ვერავინ შეაფერხებს, რაც არ უნდა იყოს მიზეზი. ამიტომ მათთვის ეს მუდმივი დაშვების საკითხია. მესამე ჯგუფია მარიამ ჯიშკარიანის და „ემპათიასი“. ისინიც მოახდენენ ინსპექტირებას და კლინიკის, ასევე პაციენტის მონახულებას. როგორც ნიკამ და ექიმებმა ამიხსნეს, ჩვენ ახლა შევდივართ მკურნალობის ყველაზე რთულ ფაზაში, რომელიც ფილიგრანულ ჩარევას საჭიროებს და პრაქტიკულად, გამორიცხავს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას, ვინაიდან ძალიან მაღალია რისკი შეცდომით ფატალურობის, თუ იქნება ეს დაშვებული. ამიტომ ჩვენ მაქსიმალური ჩართულობით, რა თქმა უნდა, აქაური სამედიცინო პერსონალის სრული ნდობით, მაგრამ გარე ექსპერტების მაქსიმალური ჩარევით გვინდა, შედგეს სწორი პროტოკოლი ეგრეთ წოდებული რეფიდინგის და ამის შემდეგ დაიწყოს სწორი, სრულფასოვანი მკურნალობა შიმშილობის შემდეგი რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.