ნიკა გვარამია - რაც უნდა მოითხოვონ, გირაოს გადამხდელი არ ვარ
ნიკა გვარამია - რაც უნდა მოითხოვონ, გირაოს გადამხდელი არ ვარ

რაც უნდა მოითხოვონ, გირაოს გადამხდელი არ ვარ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ. გვარამია აცხადებს, რომ არავინ იცის, რატომ შეიტანა პროკურატურამ სასამართლოში გირაოს მოთხოვნა.

​„მეგობრებო, მე გუშინ აბსოლუტურად სპეციალურად მოვედი განსხვავებული შარვლით, როგორი შარვალი მეცვა, ხომ არ იცით, აბა, მითხარით, რა ჰქვია ეგეთ შარვალს – ჩაჯ…ი შარვალი, მე არ გავიმეორებ, ჟურნალისტმა თქვა.

მოკლედ, მე მოვედი გუშინ განსხვავებული შარვლით და დღეს ზუსტად ასეთია საქართველოს პროკურატურა. მას უნდა შემოეტანა 500 000-იანი გირაო და ეს ვიცოდით ჩვენ, მაგრამ შემოიტანა 80 000-იანი, მაგრამ საერთოდ, რატომ შემოიტანა გირაო, ეს არავინ არ იცის. როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ არ გადაიხდის გირაოს, პროკურატურა ვალდებულია, თუ მას სჭირდება აღკვეთის ღონისძიება, ისეთი აღკვეთის ღონისძიება შემოიტანოს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ეს იყო ერთადერთი – პატიმრობა. მაგრამ, როგორო შარვალი მეცვა კიდევ ერთხელ? აი, ეგეთია პროკურატურა. ზუსტად ამ მოტივით მოკლედ და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო, რასაც გილოცავთ და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ, როგორც გუშინ ვთქვი, კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე.

პირველი დამარცხება სახეზეა. რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ. ძალიან მაინტერესებს, მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომლიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად ამისი უფლება, მაგრამ ვნახოთ, ჩვენ არ ვიმყოფებით რბილად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სასამართლოს წინ. მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ დღეს, გუშინ მქონდა ბრაზი იმის გამო, რომ კორუფციაში მადანაშაულებდნენ, დღეს არ მაქვს ეს ბრაზი, რადგან ვიცი, რომ ისინი, ვინც ამ ბრალდებებს თხზავენ, უკვე დამდგარი არიან დამარცხებების გზაზე. და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ისინი ჩამაბარებენ მე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურორატურა ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 80 ათასი ლარის გირაოს ითხოვს. აგრეთვე, პროკურატურა ითხოვს, აეკრძალოს გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.