ნიკა გვარამია - რა თქმა უნდა, ხალხი, რომელიც არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს, უნდა დავამხოთ
ნიკა გვარამია - რა თქმა უნდა, ხალხი, რომელიც არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს, უნდა დავამხოთ

მოსამართლეც, რიგითი პროკურორიც, რიგითი პარლამენტის წევრიც, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს, არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ასეთი ხალხი, ვინ არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ, გავწიოთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, როდესაც არც არჩეული და არც ლეგიტიმურად დანიშნული არ არის ის, ვინც ქვეყნის  ხელისუფლების ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა გაიწიოს ხელისუფლების ზეგავლენისგან.

კითხვაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მისი „ფეისბუქის“ სტატუსის საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, ნიკა გვარამიამ უპასუხა: „ანრი ოხანაშვილი ვინ არის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე? ცხოვრებაში პირველად მესმის და პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სახელი და გვარი არ ვიცი. ჩემზე გამოძიების დაწყება არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. გითხრათ, ზუსტად რას ვფიქრობ ჩემი ლექსიკით? თუ შევიკავო თავი, ჯობია, შევიკავო“.

გვარამიას თქმით, მისი სტატუსი არის დამოკიდებულება და შეფასება იმისა, რასაც წარმოადგენს დღეს ხელისუფლება და ერთი ადამიანი.

„აბა, როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად? აბა, ის ნორმალურია, ადამიანებს რომ ესხმიან თავს ვიღაც გიჟები, რომლებსაც ხელს არავინ არ ჰკიდებს. ადამიანებს სცემენ, დასდევენ, ცხოვრებას უმწარებენ და არავინ პასუხს არ სთხოვს. ლობიოს მიმოპნევისთვის ხალხი დღეების განმავლობაში ციხეშია, ეს ხომ ქვეყანა არ არის, ეს არის კლანების სათარეშო ტერიტორია. კლანების სათარეშო ტერიტორია ვისაც უნდა, ის შეეგუოს ამას, მე არ მინდა. ეს ჩემი სამშობლოა, ვარ ამ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში, როცა ეს პრაქტიკულად გამორიცხა ბიძინა ივანიშვილმა, ის უნდა გაიწიოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

დატოვე კომენტარი