ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია და მოუსავლეთში მიდის, ჩვენ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა, საღვთო შიშზეა ლაპარაკი
ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია და მოუსავლეთში მიდის, ჩვენ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა, საღვთო შიშზეა ლაპარაკი

საქართველო „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია და მოუსავლეთში მიდის, ჩვენ ვართ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა, საღვთო შიშზეა ლაპარაკი“.

„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მტერი, უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალსა და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებს, მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან, რადგან თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩება და, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არადა, მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც, გაჩერდნენ, ვიდრე დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას, რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული“.

„სამარცხვინოა, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ყველა ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, უკანონო, სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ, რადგან ეს ძალიან ცუდი მატარებელია. ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული. კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს, ვინ სად როდის რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.