ნიკა გვარამია პროკურატურაში წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებზე გააფრთხილეს
ნიკა გვარამია პროკურატურაში წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებზე გააფრთხილეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დღეს წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მივიდა.

„დღევანდელი საპროცესო მოქმედების ფარგლებში ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.  ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.