ნიკა გვარამია - ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემს წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე დაიწყო გამოძიება
ნიკა გვარამია - ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემს წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე დაიწყო გამოძიება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-სთვის განზრახ ზიანის მიყენების საქმეზე, პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას და მის დაკითხვაზე დაბარებას აბსურდულს უწოდებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ საკითხზე კომენტარს საღამოს, პარლამენტთან გააკეთებს.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიქტატურაა.

ნიკა გვარამიამ საგამოძიებო უწყების მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს, 21:00 საათზე მექნება პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, აქციის გადაცემის ფორმატში. ცხრის ნახევარზე ვიქნები უკვე იქ და შემეძლება კომენტარების მოცემა. მანამდე, სამწუხაროდ, სახლში ვერ მოგიწვევთ. ისედაც დაბნეულები არიან ჩემი შვილები იმით, რაც ხდება, და ამჯერად მაინც გავუწევ ანგარიშს მათ ფსიქიკას და კეთილდღეობას ყველას ბოდიშს გიხდით ამისთვის“, – აცხადებს გვარამია.

მისივე თქმით, პროკურატურამ ტელეკომპანიის ცხრაპროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე, „ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე დაიწყო გამოძიება“.

„როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“-ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არა ეს?“, – წერს გვარამია ფეისბუქში.

პროკურატურა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.